პატრიარქი ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიების ფონზე საქართველოში დაბრუნდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 20 თებერვალს, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან ათი დღის შემდეგ, გერმანიიდან, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, საქართველოში დაბრუნდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს პროკურატურამ გერმანიაში სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის სავარაუდოდ გატანის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
ილია მეორემ აეროპორტში მოკლე კომენტარი გააკეთა და მადლობა გადაუხადა „გერმანელ ხალხს, გერმანიის ხელისუფლებას, პროფესორებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ოპერაცია მშვიდობით დამთავრებულიყო“.
იგი ასევე შეეხო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განვითარებულ „არასასიამოვნო“ მოვლენებს და განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და დასკვნებს შემდეგ გამოიტანს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება და კარგად დამთავრდება“, – დასძინა მან რეზიდენციაში გამგზავრებამდე, სადაც მოგვიანებით სასულიერო პირებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლა, მათ შორის, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.
პატრიარქის დაბრუნების ფონზე ჯერ კიდევ უცნობი რჩება ციანიდის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების დეტალები.
პროკურატურა და მთავრობა თავდაპირველად გაკეთებული განცხადების შემდეგ ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებენ, ვინაიდან, როგორც მათ განმარტეს, პატრიარქის დაბრუნებას ელოდნენ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 18 თებერვალს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მთავრობა თავს იკავებს გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან, რათა ეკლესიის როგორც „სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის“ მიმართ საზოგადოების ნდობა შეინარჩუნოს.
კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ არ გაესაჯაროებინა გამოძიების მასალები საზოგადოების და ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან „საკმაოდ უსამართლო და არაადეკვატური რეაქცია“ მოჰყვა.
„პატრიარქის ოპერაციის წინა დღეს მაქსიმალურად გავუფრთხილდით პატრიარქს, არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გამოქვეყნებისგან. სამწუხაროდ, ასე არ მოიქცა ერთ-ერთი მედია საშუალება [რუსთავი 2], რომელმაც გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და ჩვენ მოგვიწია შემდეგ მოპასუხის რეჟიმში ყოფნა“, – განმარტა კვირიკაშვილმა.
„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი დაბრუნდება საქართველოში და მიიღებს სრულ ინფორმაციას ამ საკითხის ირგვლივ, მას ექნება შესაბამისი პოზიცია ამ საკითხის თაობაზე“, – განაცხადა მან.
კვირიკაშვილი ასევე შეეხო ოპოზიციის კრიტიკას მთავარი პროკურატურის თავდაპირველი განცხადების ბუნდოვანებასთან დაკავშირებით.
„როდესაც ხდება პიროვნების დაკავება ასეთი ნივთიერებით, რომელიც მიემგზავრება პატრიარქთან, ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ დაუშვათ ყველანაირი სცენარი. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, განცხადებაც გავაკეთეთ და მივიღეთ შესაბამისი პრევენციული ზომები იმისათვის, რომ არ მომხდარიყო დიდი უბედურება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მამალაძის ადვოკატები, რომელთაც გაუთქმელობის ვალდებულება აქვთ პროკურატურასთან, გამოძიების შინაარსზე საუბარს ვერ ახერხებენ, ისევე როგორც ვერ საუბრობენ დაკავებულის პოზიციის შესახებ.
ამგვარი შეზღუდვა მკაცრად გააკრიტიკა სახალხო დამცველმა და რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა.
მიხეილ რამიშვილმა, მამალაძის ახალმა ადვოკატმა, რომელიც მისი სხვა ადვოკატებისგან განსხვავებით, უარს აცხადებს გაუთქმელობის ვალდებულების ხელმოწერაზე, 20 თებერვალს აღნიშნა, რომ პროკურატურამ გიორგი მამალაძეს ბრალი მკვლელობის მომზადების ბრალდებით წაუყენა, რომელიც პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს ეხება. თეთრუაშვილი სასულიერო პირი არ არის, თუმცა პარტიარქის გარემოცვის გავლენიან პირად მოიაზრება.
ადვოკატმა ირმა ჭკადუამ, რომელიც მედიის ინფორმაციით, საქმის ერთ-ერთი მოწმეა და რომელსაც კიდევ ერთმა მოწმემ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ნაცნობმა, ირაკლი მამალაძემ იურიდიული დახმარებისთვის მიმართა, როდესაც ამ უკანასკნელმა დეკანოზის განზრახვის შესახებ შეიტყო, განაცხადა, რომ ის აუდიო და ვიდეო მასალა, რომელიც ირაკლი მამალაძემ მას აჩვენა „მოსასმენად და საყურებლად არის ძალიან მძიმე“.
„ერთადერთი რჩევა, რაც ჩემგან იყო, არის ის რომ მას აუცილებლად უნდა მიეკითხა სამართალდამცავი ორგანოებისთვის; სხვა შემთხვევაში, ის იქნებოდა ან თანამონაწილე ამ დანაშაულის მომზადების, ან დაფარავდა მძიმე დანაშაულის მომზადებას“, – განაცხადა ჭკადუამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „არ შემიძლია დავასახელო კონკრეტული პირები, მაგრამ ირაკლი მამალაძის გარდა კიდევ ფიგურირებს ორი პირი“.
პროკურატურას აღნიშნულ განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)