საქართველო სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ კანდიდატებს ხელახლა აარჩევს

იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა, რადგან 24 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს მთავრობა სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული 13-წევრიანი სახელმწიფო კომისიის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან სამს შეარჩევს.
 
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ კანდიდატებს პროფესიონალიზმის მიხედვით შეარჩევენ.
 
„შეირჩევა სწორედ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ“, – თქვა მან. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა 24 იანვარს გამართულ შეხვედრაზე მხარი არ დაუჭირა საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ სამ კანდიდატს და ამის მიზეზად კვალიფიკაციის ნაკლებობა დაასახელა. 

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ინდივიდუალურ თუ სახელმწიფო სარჩელებზე იღებს გადაწყვეტილებებს. 

მოსამართლეებს ცხრა წლის ვადით ირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იმ სამი კანდიდატიდან, რომელთაც თითოეული წევრი სახელმწიფო წარადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)