ქართველი დიპლომატები ლავროვის განცხადებას ეხმაურებიან
ქართველი დიპლომატები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის 18 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც ის საქართველოს მოიხსენიებს როგორც ერთ-ერთ მარშრუტს, რომლის გამოყენებასაც ტერორისტები „აქტიურად ცდილობენ“.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო მინიჭების თაობაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „მოსკოვი კმაყოფილია, რომ ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყო“, თუმცა იქვე დასძინა, რომ უვიზო მიმოსვლა „საკმაოდ რთული“ საკითხია.
„ეს უკავშირდება არა მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას… ეს ასევე უკავშირდება რომელთა აქტიურ გამოყენებასაც ცდილობენ ბოევიკები, ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები“, – განაცხადა ლავროვმა.
მან ასევე დასძინა, რომ მხარეები „მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე საუბარს“, რაც რუსეთის და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები „სრულმასშტაბიან თანამშრომლობას დაამყარებენ“ და როდესაც „ყველა ეს რისკი მაქსიმალურად იქნება აღკვეთილი“.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის, ფატუ ბენსუდას განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაში თანამშრომლობაზე თავს იკავებს, ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს აქვს „გარკვეული პოზიცია იმაზე, თუ როგორ მოხდა პროკურორის მიერ ამ კონკრეტული პროცესის გაფორმება”.
„მან სრულიად უგულებელყო ის ვრცელი მასალა, რომელიც სამხრეთ ოსეთმა, აფხაზეთმა და რუსეთის ფედერაციამ წარუდგინეს. ეს მასალა დოკუმენტურად და ცალსახად ადასტურებდა, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო“, – განაცხადა ლავროვმა.
„როდესაც იმ პირების ინდივიდუალური მიმართვები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში კონფლიქტით დაზარალდა, რომლებმაც ნათესავები დაკარგა, გვერდზე იქნა გადადებული, პროკურორის ამგვარი პოზიციის ცალმხრივი მიმართულება მკაფიო გახდა. ჩვენ დიდი ხნის წინ განვაცხადეთ, რომ ასეთი ვითარებაში ვერ ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა მან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე პირველი იყო, ვინც სერგეი ლავროვს უპასუხა.
21 თებერვალს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საუბრისას აბაშიძემ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის ომი „რადიკალურად განსხვავებულია“.
„შარშან ჩვენ გვქონდა რეკორდული რაოდენობა ტურისტებისა. დაახლოებით ერთი მილიონი ტურისტი ჩამოვიდა რუსეთიდან. ეს ციფრი და ის, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, არის დასტური იმისა, რომ ჩვენში უსაფრთხოების ხარისხი მაღალია“, – განაცხადა აბაშიძემ.
„ამიტომ, ბატონი ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება ბოევიკების, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტად, საქართველოსთან მიმართებაში, არანაირად არ არის მართებული. ამას ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თვით რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია დაახლოებით 2000 რუსეთის მოქალაქე“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, თბილისი მიესალმება, თუ რუსეთი გაამარტივებს ან გააუქმებს სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ „რუსეთის მხარის გადასაწყვეტია, თუ რანაირ სავიზო რეჟიმს აირჩევს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს მათი პრეროგატივაა, ჩვენ მათ თავს ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მოვახვევთ“.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ, რომელიც ამ საკითხს 21 თებერვლის ბრიფინგზე შეეხო, განაცხადა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და “ამის ნათელი დასტური არის ის ნდობა, რომელიც ევროკავშირმა გამოუცხადა საქართველოს უვიზო მიმოსვლის მინიჭებით“.
„რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, ეს არაერთხელ გაცხადებულა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელბის მიერ და ეს მშვენივრად იციან მოსკოვში, რომ სანამ რუსეთს ექნება თავისი საელჩოები ცხინვალსა და სოხუმში, ვერავითარი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება“, – დასძინა დონდუამ.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ასევე გამოეხმაურა თავის რუს კოლეგას 22 თებერვალს და აღნიშნა, რომ „ახალი ამ განცხადებებში არაფერი არ მოგვისმენია“.
„რუსეთის ფედერაციას კარგად ესმის, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ვერ მოხდება იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ“, – განაცხადა ჯანელიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)