ოპოზიცია „გაზპრომთან“ დადებული შეთანხმების გასაჯაროებას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „გაზპრომთან“ დადებული ახალი შეთანხმების შესწავლის მიზნით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

10 იანვარს „გაზპრომთან“ დადებულმა ორწლიანმა სატრანზიტო ხელშეკრულებამ, რომელიც ნედლეულით ანაზღაურების ეტაპობრივ ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლას გულისხმობს, საქართველოში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. 

მმართველი პარტია, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, შეთანხმების დეტალების გასაჯაროებაზე უარს აცხადებს და მიზეზად კომერციული საიდუმლოების დაცვას ასახელებს.

23 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ რადგან ახალი შეთანხმების „შესწავლა და გასაჯაროება“ უშუალოდ „ეხება საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს“, პარტია მოითხოვს, მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგზე პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი განიხილოს.

„აშკარაა, რომ “გაზპრომ-ექსპრორტთან“ დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ასუსტებს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, წამგებიანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის“, – განაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ.

„აქედან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს კონტრაქტი არღვევს სახელმწიფო უსაფრთხოებას, შესაძლოა ემსახურებოდეს ზოგიერთი თანამდებობის პირის ინტერესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი შეიძლება იყოს ინფორმაცია „სახელმწიფო ორგანოს, [ან/და]თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს“. 

ნაციონალურმა მოძრაობამ, გაზპრომის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს რეზოლუციაც წარუდგინა, რომელსაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 16 თებერვალს მხარი არ დაუჭირა.