კონგოელმა მეამბოხეებმა საქართველოს მოქალაქე დაატყვევეს

თბილისმა 23 თებერვალს დაადასტურა, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურე სოსო ოსურაული, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კერძო კონტრაქტით მუშაობდა, "23 მარტის მოძრაობის" (M23) მეამბოხეების ტყვეობაში იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ 22 თებერვალს საქართველოს საელჩოს პრეტორიაში მიმართა და დაუდასტურა, რომ სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად ოპოზიციურმა ძალებმა „საქართველოს ერთი მოქალაქე დაატყვევეს, ხოლო მეორე დაიჭრა, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ გომაში მკურნალობს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ გამოძიებას კონგოს შეიარაღებული ძალები აწარმოებენ.

საქართველოს ელჩმა სამხრეთ აფრიკაში ბექა დვალმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ოსურაული M23-ის მეამბოხეებმა დაატყვევეს.

„კომუნიკაცია გვაქვს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალურ წარმომადგენელთან დიპლომატიური არხების მეშვეობით და ამ კომუნიკაციისას არ გაჟღერებულა გამოსასყიდის თემა“, – განაცხადა მან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ სამხედრო მფრინავმა სოსო ოსურაულმა საქართველოს შეიარაღებული ძალები 2015 წლის მარტში დატოვა.

30 იანვარს „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ორმა სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის სულ ცოტა ოთხი წევრი იმყოფებოდა.