სომხეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობას შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი 23-24 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრა და ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივი ურთიერთობების და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

სომხურ-ქართული ურთიერთობები „ძალიან მაღალ დონეზეა“, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს „ძალიან დიდი პერსპექტივები“, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თბილისში 23 თებერვალს თავის ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრამდე.

„საქართველოსათვის სომხეთი წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელთანაც გვაკავშირებს კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და მყარი ხალხთაშორისი კავშირები“, – განაცხადა კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კვირიკაშვილის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰქონდა „საინტერესო შემოთავაზებები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ერთიანი ბაზრის პოტენციალის ათვისებისა და კოოპერაციის შესახებ“.

„ჩვენი მხრიდან გამოვხატეთ სრული მზადყოფნა ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ და წავახალისოთ კერძო სექტორის წარმომადგენელი ორივე ქვეყნიდან, რათა მათ სრულად გამოიყენონ რეგიონალური კოოპერაციის პოტენციალი," – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას თავის ქართველ კოლეგასთან „თბილი შეხვედრა“ ჰქონდა.

კარაპეტიანის თქმით, ორი ქვეყანა ორმხრივი თანამშრომლობის „ახალ ეტაპზე“ გადავიდა. მან ასევე განაცხადა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ურთიერთნდობაზეა დამყარებული, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაძლიერდეს.

„ჩვენი დელეგაცია მზად არის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის და რეგიონური განვითარების საკითხები განიხილოს; შევეცდებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ახალი გზები გამოვნახოთ“, – განაცხადა მან.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სომხეთი განიხილონ, როგორც ქვეყანა, სადაც შეიძლება ინვესტიციის განხორციელება, ტურისტად ჩასვლა“, – განაცხადა მან.

თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

„მხარეებმა შეხვედრისას საქართველო -სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ამ ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს ძალიან დიდი პერსპექტივები, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, „საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონში არსებულ გამოწვევებს და უსაფრთხოების გარემოს“.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას „რეგიონული მნიშვნელობის პროექტების განხორციელება შეუძლია“.

„სომხური მხარე მზადაა ქართველ ბიზნესმენებს სხვადასხვა პლატფორმები შესთავაზოს სხვა ბაზრებზე უკეთესი წვდომისთვის“, – განაცხადა კარაპეტიანმა, რომელსაც ირანთან საზღვარზე მეღრის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ჩამოყალიბება ჰქონდა მხედველობაში.

ამავე განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა საქართველოში სომხური თემისადმი კეთილგანწყობისთვის, ასევე მისი „ისტორიული და კულტურული ღირებულებების შენარჩუნებისთვის“.

24 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ესტუმრა.