აშშ-ის კონგრესის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული დელეგაცია დემოკრატიისა და პარტნიორობის კომიტეტიდან, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა პარტნიორ ქვეყნებთან ეფექტური საკანონმდებლო ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობაზე მუშაობს, 24-26 თებერვალს საქართველოს სტუმრობდა.

დელეგაციას კონგრესმენი პიტერ როსკამი (რესპუბლიკელი-ილინოისი) ხელმძღვანელობდა და მის შემადგენლობაში შედიოდნენ კონგრესმენი დევიდ პრაისი (დემოკრატი-ჩრდილოეთ კაროლინა), კონგრესმენი ედრიან სმიტი (რესპუბლიკელი-ნებრასკა), და კონგრესმენი ჯერი კონოლი (დემოკრატი-ვირჯინია).

25 თებერვალს აშშ-ის დელეგაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და სხვა დეპუტატებს შეხვდნენ და საქართველოში კანონმდებლობის კუთხით არსებული გამოწვევები და მიმდინარე საკითხები განიხილეს.

იმავე დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დელეგაციის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

„აშშ-ის კონგრესის დელეგაციის სახელებს უკავშირდება კონგრესში 2016 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ კონგრესმენები აქტიურად მუშაობენ საქართველოსთვის განათლების, თავდაცვის, უსაფრთხოების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში აშშ-ის მხარდაჭერის „მობილიზებისთვის“.

„შევთანხმდით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გამყარდება“, – განაცხადა კობახიძემ.

„ძალიან მოხარული ვართ, რომ აქ ვიმყოფებით“, – განაცხადა აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა პიტერ როსკამმა 25 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ აქ ვართ, რომ ძალიან მკაფიო გზავნილი გადმოგცეთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან და ეს გზავნილი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა“, – განაცხადა როსკამმა.

„ჩვენ დადებითად ვაფასებთ იმ გადაწყვეტილებებს, რაომლებსაც საქართველო იღებს დემოკრატიის განვითარების გზაზე“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ არის ზეწოლა ავტორიტარული რეჟიმებისგან თქვენს საზღვართან ახლოს. ნაბიჯები, რომელსაც საქართველო განვითარებისთვის, დემოკრატიული პრინციპების შენარჩუნებისთვის და დასავლურ დემოკრატიაში ინტეგრაციისთვის დგამს ძალიან მნიშნელოვანია”, – განაცხადა პიტერ როსკამმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კონგრესმენები მიესალმებიან და აფასებენ საქართველოს წვლილს მსოფლიო მასშტაბით, კერძოდ, ქართველების მონაწილეობას ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში.

„ჩვენ არ დაგვიწყებია, რომ საქართველომ იზარალა ტერორთან ბრძოლის საქმეში დასავლურ ძალებთან შეერთების შედეგად და მიუხედავად ამისა, ის დროდადრო ისევ იღებს ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ დიდად ვაფასებთ და ვაღიარებთ ამას“, – განაცხადა მან.

დევიდ პრაისმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატა „იზიარებს“ საქართველოს მისწრაფებებს „ევროპული და დასავლური ინტეგრაციის“ მიმართ.

„ჩვენ აღტაცებულები ვართ საქართველოთი, იმ ბრძოლით, რომელსაც თქვენ უკვე მრავალი წელია აწარმოებთ, იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც თქვენ ეწევით, განსაკუთრებით ავღანეთში. 31 ქართველი მებრძოლი დაიღუპა ამ კონფლიქტში მონაწილეობის შედეგად – ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ, “- განაცხადა მან.

„ჩვენ როდესაც დავბრუნდებით შინ, ჩვენს კოლეგებს და ამომრჩევლებს ვეტყვით, რომ საქართველოში ნამდვილად დიდი პროგრესია და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დემოკრატიული განვითარების ასპარეზზე“, – განაცხადა დევიდ პრაისმა.

კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ კონგრესმენები მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს, ასევე პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, საბიუჯეტო და საფინანსო და ასევე პროცედურულ საკითხთა კომიტეტების დეპუტატებს შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი კონგრესმენები ასევე შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას, რომელმაც კონგრესის დელეგაციას კრწანისის სასწავლო ცენტრში უმასპინძლა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა აღნიშნულ რეგიონში, რადგან მის გარშემო ავტორიტარიზმი იზრდება და ქვეყნებზე ზეწოლა ხორციელდება“, – განაცხადა პიტერ როსკამმა სასწავლო ცენტრში.

„ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია შევიტყოთ უფრო მეტი იმ ახლო კავშირების და ურთიერთობის ხასიათის შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შორის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წინსვლას ნატოსთან ურთიერთობის ჭრილში და ასევე საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განვითარების კუთხით.“, – დასძინა როსკამმა.

დემოკრატიისა და პარტნიორობის კომიტეტი და საქართველოს პარლამენტი 2006 წლიდან თანამშრომლობენ. ამჯერად კომიტეტი მეშვიდედ სტუმრობდა საქართველოს.