ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე რეგულაცია დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს ევროკავშირის საკანონმდებლო აქტში შესატანი საჭირო ცვლილება დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს 90 დღით შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის საშუალებას მისცემს.
მიღებულ რეგულაციას საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა მოაწერონ ხელი, რის შემდეგაც ტექსტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და ძალაში 20 დღის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედებასთან ერთად შევა, რომელიც უფლებას აძლევს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, შიდა უსაფრთხოების დაცვის მოტივით დროებით კვლავ შემოიღონ სავიზო მოთხოვნები.
„ეს შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს ერთმანეთთან დააახლოვებს და მათ ტურისტულ და ბიზნეს კავშირებს გააძლიერებს. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა საქართველოს მიერ მთელი რიგი რეფორმების განხორციელება ისეთ სფეროებში, რომლებიც მოიცავს დოკუმენტების უსაფრთხოებას; საზღვრის მართვას; მიგრაციას და თავშესაფარს. გარდა ამისა, შეჩერების მექანიზმის შემოღებამ ამ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახადა“, – განაცხადა მალტის საშინაო საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, კარმელო აბელამ ევროკავშირის საბჭოს შეხვედრის შემდეგ.
ახალი რეგულაციის თანახმად, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში 180-დღიან პერიოდში 90 დღით საქმიანი, ტურისტული ან ოჯახური მიზნებით გაემგზავრებიან, ვიზები აღარ დასჭირდებათ.