ევროკომისარი საქართველოს ‘ევროპული პერსპექტივის’ შესახებ საუბრობს
მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი 27 თებერვალს საქართველოს ხანმოკლე სიმბოლური ვიზიტით ეწვია, რათა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება მიელოცა.
პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე საუბრისას, ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ „საბოლოო გადაწყვეტილება“ უკვე მიღებულია და მარტის ბოლოდან ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.
ავრამოპულოსმა ასევე განაცხადა, რომ 27 თებერვალი „ისტორიული მომენტია“, რადგან ევროკავშირი და საქართველო „კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ“ ერთმანეთს.
„დღევენადელი ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება გააღრმავებს ხალხს შორის კავშირებს. დამკვიდრდება ბიზნეს, სოციალური და კულტურული კავშირები ევროკავშირსა და საქართველოს შორის“,- განაცხადა მან.
თავის გამოსვლაში პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია კონკრეტული, ხელშესახები სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის“.
“მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის“, – განაცხადა მან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები და „კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს შედეგი ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი ასრულებს საკუთარ დაპირებებს“.
‘ევროპული პერსპექტივა’
ბრიუსელში კარგად იციან საქართველოს მისწრაფების შესახებ გახდეს ევროკავშირის წევრი. ასოცირების შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ საქართველოს ენთუზიაზმი ევროკავშირის წევრობის მიმართ შეეკავებინათ.
მიუხედავად საქართველოს თხოვნისა, 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება თავს არიდებს საქართველოს ევროკავშირში წევრობის პერსპექტივას. მისი შესავალი აღიარებს „საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს“, თუმცა ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება არ გულისხმობს გაწევრიანების დაპირებას, განსხვავებით საბოლოო წევრობის დაპირებისა, რომელიც ბალკანეთის ქვეყნებს, ბოსნია და ჰერცეგოვინას და კოსოვოს მიეცათ.
ევროკომისარმა ავრამოპულოსმა განსხვავებული პოზიცია გააჟღერა და საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“ ორჯერ მოიხსენია.
პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ საუბრისას, ევროკომისარმა განაცხადა: „საქართველო პროგრესისა და რეფორმების მაგალითია. სწორედ ეს აწინაურებს მას ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ევროპული პერსპექტივისკენ… საქართველოს მისწრაფება, დაუახლოვდეს ევროკავშირს და ერთ დღეს მისი სრულუფლებიანი ნაწილი გახდეს, შეგვახსენებს ამ პროექტის არსს. ეს ნიშნავს იყოს კავშირის ნაწილი – მშვიდობის, სტაბილურობის, პროგრესის, ტოლერანტობის, სოლიდარობისა და კეთილდღეობის ნაწილი.“
ეს სიტყვები განსხვავდება იმ განცხადებისგან, რომელიც ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და სადაც „ევროპული პერსპექტივა“ საერთოდ არაა ნახსენები.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამის საპასუხოდ განაცხადა: „დღეს საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, კიდევ უფრო ახლოს მივიდა თავის ევროპულ ოჯახთან“.
„დღეს, როგორც არსად, საქართველოში ძლიერია ევროპული სულისკვეთება; დღეს საქართველოში, როგორც არსად, ზეიმობს ერთიანი ევროპის იდეა; დღეს საქართველოში, როგორც არსად, ესმით ერთიანი ევროპის, ევროპის ერთიანი საგარეო, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა:, – განაცხადა მან.
ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი ასევე შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. შეხვედრის შემდეგ საუბრისას ევროკომისარმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის „ევროპულ პერპექტივას“.
„მე მუდმივად აღვნიშნავდი და პრეზიდენტთან შეხვედრისას დღესაც გავიმეორე, რომ ჩვენ საქართველოს განვიხილავთ როგორც მოწინავე ქვეყანას ფართო, ევროპულ სივრცეში“, – განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა შეხვედრის შემდეგ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა წამოწყების და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმის გათვალისწინებით, ჩვენ ძალიან მალე შევიმუშავებთ პოზიცას საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე“.
ევროკომისარმა დასძინა, რომ ის „ევროკავშირის კომისარი და ასევე საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია“ და ამიტომ „საქართველო ევროპულ გზაზე მარტო არ არის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)