საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 27-28 თებერვალს შვეიცარიას სტუმრობდა, სადაც თავის შვეიცარიელ კოლეგას დიდიე ბურკჰალტერს შეხვდა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. 

დიდიე ბურკჰალტერთან შეხვედრაზე, რომელიც სესიის ფარგლებში გაიმართა, მინისტრებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის  ასოციაციასთან საქართველოს შეთანხმებაზე იმსჯელეს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მდგომარეობა. 

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, კვლავ შეშფოთების საგანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ „რეგიონებში დაშვებული არც ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არ არის, მათ შორის გაეროს ადამიანთა უფლებების სადამკვირვებლო მექანიზმი“.

ჯანელიძემ აღნიშნა, რომ „საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები, სხვა ხელოვნური დაბრკოლებები და აფხაზეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება“.

„აღნიშნული  ქმედება მიმართულია საქართველოს მთავრობის ჩართულობის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და საერთაშორისო თანამეგობრობიდან ოკუპირებული რეგიონების სრული იზოლაციისკენ“, – დასძინა მან. 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიუხედავად ამ „ხელოვნური ბარიერებისა“,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა „საქართველოს ისტორიისა და მომავლის განუყოფელი ნაწილია“.

„დადგება დღე, როდესაც იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები – ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის მსხვერპლნი – უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს და მოახდენენ სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანთა უფლებებზე, თავისუფლებაზე და კულტურულ და ენობრივ მრავალფეროვნებაზე. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა“, – განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება „მტკიცედ მიყვება“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზას. „მზად ვართ გავუზიაროთ მათ ყველა სარგებელი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკასა და რეფორმებს მოაქვს,“ – განაცხადა მინისტრმა.

შვეიცარიაში ვიზიტის დროს მიხეილ ჯანელიძე ასევე  შეხვდა ლტოლვითა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის და რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა ქვეყანაში ვიზიტით მყოფ კოლეგებთან.