უზენაესი სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო მოსმენას მართავს
უზენაესი სასამართლო 2 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავის საქმეზე მოსმენას მართავს. სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით, ცხრა მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს და მისი გადაწყვეტილება საბოლოო იქნება.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 1 მარტს განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მზად არის ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის დამარცხებისთვისაც ამ უთანასწორო და უკანონო ბრძოლაში“.
მან უზენაესი სასამართლოს მოსმენის პარალელურად სასამართლოს შენობის წინ აქცია დააანონსა და დასძინა, რომ საპროტესტო აქცია მანამ გაგრძელდება, სანამ „უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს“.
„ხვალ სავარაუდოდ გადაწყდება არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ის ბედი, არამედ ქვეყნის ბედი გრძელვადიან პერსპექტივაში. ხვალ უზენაესი სასამართლო, მისი დიდი პალატა, გადაწყვეტს საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება, ექნება თუ არა შანსი დემოკრატიას, გახდება თუ არა საქართველო ცივილიზებული ევრო-ატლანტიკური სივრცის ნაწილი“, – განაცხადა გვარამიამ.
დაგეგმილ სასამართლო მოსმენას ოპოზიციურ ჯგუფებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
პოლიტიკური პარტიების რეაქციები
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 1 მარტს განაცხადა, რომ პარტია რვა არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, უზენაესი სასამართლოს შენობის წინ საპროტესტო აქციას გამართავს „თავისუფალი სიტყვის და რუსთავი 2-ის დასაცავად“.
პირველ მარტს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პარტიების ერთობლივი განცხადების წაკითხვისას განმარტა, რომ ვინაიდან სასამართლო მოსმენა დახურულია, „რუსთავი 2-ს და ქართულ საზოგადოებას არ უშვებენ სასამართლო დარბაზში და დავა გაიმართება დახურულ რეჟიმში“, ცხრა პოლიტიკური პარტია 2 მარტს უზენაესი სასამართლოს შენობის წინ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პერმანენტულ აქციებს დაიწყებს.
რამდენიმე სხვა ოპოზიციურმა პარტიამ 1 მარტს ასევე ისაუბრა „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ.
მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე არ არის ორ კერძო პირს შორის დავა როგორც ამას ხელისუფლება წარმოაჩენს“ და რომ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის უკან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობა დგას.
მან ასევე განაცხადა, რომ „სიტუაცია ძალიან საგანგაშოა“ და „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მთელ საზოგადოებას, ქვეყანას და ბიზნეს სექტორს დააზარალებს.
გიგა ბოკერიამ იმავე პარტიიდან განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე „იქნება განმსაზღვრელი საკითხი ჩვენს უახლეს ისტორიაში, თუ როგორი გზით წავა ჩვენი ქყვეყანა“.
„ამიტომ ჩვენი ამოცანა, ყველა მოქალაქის, ვისაც სურს რომ წავიდეს სწორი გზით არის, რომ შევინარჩუნოთ ვითარება, როდესაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს მთლიანად მედია სივრცეს“, – განაცხადა მან.
თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკურმა მდივანმა ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ „სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ექნება, თუ არა ამ სახელმწიფოს სიტყვის თავისუფლება, ექნება თუ არა დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა და დემოკრატიის მთავარი ღირებულება, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია“.
გოგუაძემ ასევე განაცხადა, რომ თავისუფალი დემოკრატები სასამართლოს შენობის წინ „ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის დასაცავად“ შეიკრიბებიან.
მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან ხაზი გაუსვა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე „არ არის სამართლებრივი დავა, ეს არის პოლიტიკური პროცესი“.
„მე პირადად არ მაქვს კარგი მოლოდინი ამ თვალსაზრისით. ბუნებრივია, რომ ეს არ არის ერთი მედია საშუალების პრობლემა, ეს არის, ზოგადად, სიტყვის თავისუფლების პრობლემა. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა“, – განაცხადა კაციტაძემ.
გიორგი გუგავამ ლეიბორისტული პარტიიდან აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის დაცვა ნიშნავს „სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიული პრინციპების, საკუთრების უფლების დაცვას“.
„ვფიქრობთ, რომ ქართული საზოგადოების მოვალეობაა ყველამ ერთად დავიცვათ „რუსთავი 2“, რათა ამ ქვეყანაში არ დამყარდეს ერთპიროვნული, არაფორმალური, ოლიგარქიული დიქტატურა“, – დასძინა გუგავამ.
სამოქალაქო საზოგადოების რეაგირება
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ „სწორი იქნებოდა, სასმართლოს გამოეყენებინა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და ღია სასამართლო სხდომაზე განეხილა ეს საკითხი“.
მან ასევე განაცხადა, რომ „ერთადერთი გზა რჩება, სასამართლოს გააუქმოს ის გადაწყვეტილება, რომელიც აქვს მიღებული სააპელაციო სასამართლოს და ან თავად იმსჯელოს და გადაწვიტოს საკითხი ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული კანონმდებლობით და კონსტიტუციით, ან საქმე სხვა გარემოების გამოსაკვლევად კონკრეტული შენიშვნებით დაუბრუნოს სააპელაციო სასამართლოს“.
„ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება არ იქნება სასამართლო გადაწყვეტილება, იქნება პოლიტიკური დაკვეთის შესრულება“, – დასძინა მან.
სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა ხაზი გაუსვა, რომ „არ უნდა იყოს ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც ზოგადად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოში კრიტიკული მედიის არსებობის საკითხს, ისევე როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ვინაიდან ეს საკითხი არის პირდაპირ კავშირში“.
საერთაშორისო რეაგირება
„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ თავისუფალ და დამოუკიდებელ პრესას და მედია პლურალიზმს საქართველოში“, – დაწერა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა 27 თებერვალს Twitter-ზე მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტს ბრიუსელში შეხვდა.
2 თებერვალს „რუსთავი 2“-თან საუბრისას, აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ მედია პლურალიზმი „დემოკრატიის საძირკველია“ და დასძინა, რომ მისი სურვილია, რომ „რუსთავი 2“-მა არ შეცვალოს თავისი სარედაქციო პოლიტიკა და „შეინარჩუნოს ოპოზიციური ხმა“.
მთავრობის რეაგირება
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად განიხილოს საქმე. მან ასევე დასძინა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მიმდინარე პროცესებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ადევნებს თვალს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა, რომ უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას „საკმარისი კომპეტენცია და ლეგიტიმაცია“ გააჩნია იმისათვის, რომ სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს.
„რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ მფლობელებს სასამართლო დავა აქვთ ყოფილ მფლობელთან ქიბარ ხალვაშთან, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იმ წილების დაბრუნებას ითხოვს, რომელთაც ის დაახლოებით ათი წლის წინ ფლობდა. ტელეკომპანიის ამჟამინდელმა მფლობელებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხალვაშის განზრახვა ტელეკომპანიის დაბრუნების თაობაზე ხელისუფლების მიერ არის ნაკარნახევი და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის გაჩუმებას ისახავს მიზნად, საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)