საქსტატი: მშპ-ს ზრდამ იანვარში 5.2% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 28 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა იანვარში,  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.2% შეადგინა, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2 მარტს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ იანვარი „ძალიან წარმატებული“ თვე იყო, რაც „ძალიან მისასალმებელია“.

„ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დასაწყისი გვაქვს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ეკონომიკის ზრდას „არაერთმა ძალიან მნიშვნელოვანმა მაჩვენებელმა“ შეუწყო ხელი.

„ექსპორტი 44.7%-ით გაიზარდა იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით…  დღგ-ს ბრუნვა თითქმის 21%-ით არის გაზრდილი; 33 %-ით არის გაზრდილი ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა. ბევრი დადებითი პარამეტრია – გაზრდილია ტურიზმის მაჩვენებლები“, – განმარტა კვირიკაშვილმა. 

ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეკონომიკურ ზრდა ძირითადად განაპირობა გაზრდილმა ექსპორტმა, ფულადმა გზავნილებმა (26.1%-იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან), საერთაშორისო ვიზიტორებმა (19.8%-იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან), ასევე გაზრდილმა კაპიტალურმა დანახარჯებმა, რაც „დაკავშირებულია დაჩქარებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან“.

28 თებერვალს მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ „2016 წლის იანვარი იმდენად „მკვდარი თვე“ იყო (0.8% ზრდა), რომ მასთან შედარება დამშვიდების საფუძველს ვერ მოგვცემს“.

„ეკონომიკური ზრდის ამ ტემპით, საქართველო ათწლეულების განმავლობაში ღარიბ ქვეყნად დარჩება და მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი სიღარიბეს თავს ვერ დააღწევს“, – დასძინა მან. 

საქართველოს ეკონომიკა 2016 წელს 2.2%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ. საქართველოს ეკონომიკა 2015 წელს 2.9%-ით გაიზარდა, რაც ნაკლებია 2014 წელს არსებულ 4.6%-თან, 2013 წელს არსებულ 3.4%–თან და 2012 წელს არსებულ 6.4%–თან შედარებით.

2017 წლის ბიუჯეტში მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.