სომხეთის პრემიერ-მინისტრი უარყოფს აფხაზეთის რკინიგზაზე მოლაპარაკებებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა უარყო ინფორმაცია, რომ 23-24 თებერვალს მისი თბილისში ვიზიტის დროს რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის შესაძლო აღდგენის საკითხი განიხილეს.
24 თებერვალს ვიზიტის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ „ზემო ლარსის ალტერნატიულ მარშრუტზე“ საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „საკითხი განვიხილეთ. დარწმუნებული იყავით, რომ იქნება [ალტერნატივა]“.
ამ განცხადებას თბილისში სპეკულაციები მოჰყვა, რომ შესაძლოა თბილისი აღნიშნულ საკითხზე რუსეთისა და სომხეთის მთავრობებთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
1 მარტს სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას, კარაპეტიანმა უარყო ამგვარი მოლაპარაკებები და განაცხადა, რომ „აფხაზეთის რკინიგზის საკითხი არ განხილულა [საქართველოს მთავრობასთან შეხვედრაზე]“.
„ჩვენ სხვა ალტერნატივები განვიხილეთ. შესაძლებლად მიმაჩნია თუ არა გამოსავლის პოვნა – დიახ, მოლაპარაკებების ეტაპზე ვიმყოფებით“, – დასძინა მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
სომხეთის საინფორმაციო პორტალ VERELQ-თან საუბრისას სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვაჰან მარტიროსიანმა განმარტა, რომ „ზემო ლარსის ალტერნატივა არ არის მხოლოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მარშრუტები, არამედ ასევე საბორნე კავშირი ფოთის პორტიდან“.
მარტისორიანმა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, სომხეთის ტვირთებისთვის სატრანზიტო პროცედურები გამარტივდება და გარდა ამისა, სომხური კომპანიები ტვირთების გადაზიდვის დროს ქართული კომპანიების მიერ შეღავათიანი ფასებით ისარგებლებენ.
პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი ასევე შეეხო საქართველოს ორწლიან სატრანზიტო ხელშეკრულებას „გაზპრომთან“, რომელიც ნედლეულით ანაზღაურების ეტაპობრივ ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლას გულისხმობს.
"პირველ ერთ მილიარდს იღებენ 10% გაზით, შემდეგ მოცულობას იღებენ დოლარში, იხდიან 100 კილომეტრზე 1000 კუბური მეტრის მოცულობისთვის გარკვეულ რიცხვს, რომელიც 10%-ზე ნაკლებია“, – მიმართა კარაპეტიანმა დეპუტატებს.