თბილისი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში გამშვები პუნქტების დახურვას გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დაგმო“ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის – ნაბაკევი–ხურჩა და მეორე ოტობაია–ორსანტია – დახურვა.
5 მარტს გავრცელებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ „2016 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დახურეს თაგილონისა და ლეკუხონას სოფლების ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, ხოლო 2017 წლის 5 მარტს გააუქმეს კიდევ ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტი“.
„აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ უფლებებს და ემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, „საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობის შემცირება კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას, განსაკუთრებით – მოწყვლადი ჯგუფების: მოხუცების, ავადმყოფებისა და სკოლის მოსწავლეების ყოფას, რაც ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას გამოიწვევს“.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის „მკაფიო მოწოდებებისა“, „რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა სოხუმში, როგორც ჩანს, მიიღო გადაწყვეტილება, გააგრძელოს დესტრუქციული პოლიტიკა და ხელი შეუშალოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით“.
საქართველოს საგარეო უწყებამ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ისევე, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ადგილზე ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების საკითხს“.
მან ასევე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, „ჯეროვანი შეფასება მისცეს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ოკუპირებული რეგიონების იზოლირების ტენდენციას, ასევე 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დანიშნულ ე.წ. რეფერენდუმს და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის უკანონო ნაბიჯებზე“.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ორი გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ 28 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე შეშფოთება მოყვა.
გალის რაიონის მაცხოვრებლებმა 25 იანვარს აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის დახურვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. ნაბაკევის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ზუგდიდის რაიონის ახლომდებარე სოფლებში მოსახვედრად სასწავლებლად, სამედიცინო მომსახურებისა და კომერციული საქმიანობისთვის ნაბაკევი–ხურჩას გამშვებ პუნქტს იყენებდა.
რამდენიმე ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის გაერომ, ევროკავშირმა, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიტვამ და იაპონიამ, დაგმეს ორი გამშვები პუნქტის დაგეგმილი დახურვა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დამატებითი გამშვები პუნქტების გაუქმება შეზღუდავს ადგილობრივების, მათ შორის სკოლის მოსწავლეების და იმ პაციენტების თავისუფალ გადაადგილებას, რომელთაც სამედიცინო მკურნალობა ესაჭიროებათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)