ენგურჰესმა მუშაობა განაახლა

28 თებერვალს ენგურის ჰიდროელექტროსადგურმა მუშაობა განაახლა მას შემდეგ, რაც ექსპერტებმა სადერივაციო გვირაბის ცხრადღიანი დათვალიერება დაასრულეს. ეს კვლევა 2018 წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაგეგმად იყო საჭირო.

21 თებერვალს ენერგეტიკის სამინისტრომ  "ენგურჰესის" გაჩერების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რის თანახმადაც გაჩერების განმავლობაში აფხაზეთის რეგიონი რუსეთის ენერგოსისტემიდან მარაგდებოდა, ხოლო საქართველოს ენერგოსისტემა დეფიციტის დაფარვას საკუთარი წყაროებიდან უზრუნველყოფდა.

აფხაზეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიის "ჩერნომორენეგროს" ხელმძღვანელის, ასლან ბასარიას თქმით, "ენგურჰესის" გამომუშავებული ენერგიით აფხაზეთის სრულად მომარაგება აპრილის დასაწყისისთვის იქნება შესაძლებელი.

„თუ არ გაუარესდება ამინდი…ჩვენ მარტივად შევძლებთ საკუთარ რესურსზე გადასვლას დაახლოებით მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში. ამჟამად ვსარგებლობთ პარტნიორული ურთიერთობებით რუსეთთან და აფხაზეთის ენერგეტიკის დიდი ნაწილი რუსული ენერგიით მარაგდება", – განაცხადა ბასარიამ 3 მარტს, პრესკონფერენციაზე.

აფხაზეთის ენერგეტიკა მთლიანად ენგურჰესზეა დამოკიდებული, რაც სოხუმს თბილისთან სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნებისაკენ უბიძგებს. ჰესის კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონშია.

თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში მიდის, ხოლო 60%-ს დანარჩენი საქართველო იღებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველომ აფხაზეთს 1,797.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიაწოდა, რაც საქართველოს მთლიანი მოხმარების 17.31%-ს შეადგენდა; 2014 და 2013 წლებში აფხაზეთს შესაბამისად, 1,638 მლნ კვტ.სთ (16.11%) და 1,605 მლნ კვტ.სთ (16.57%) მიეწოდა.