პარლამენტის თავმჯდომარე პროგრესული ალიანსის გამგეობის წევრი გახდა


ირაკლი კობახიძე(მარცხნიდან მესამე)პროგრესული ალიანსის ყრილობაზე ბერლინში. ფოტო:საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალ-დემოკრატიული პარტიების გლობალური ქსელის, პროგრესული ალიანსის, გამგეობის წევრად აირჩიეს.

გადაწყვეტილება 12 მარტს, ბერლინში პროგრესული ალიანსის ყრილობაზე მიიღეს.

„ძალიან დიდი პატივია ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრობა“, – განაცხადა კობახიძემ და დასძიბნა, რომ მისი არჩევა „საერთაშორისო კავშირების შემდგომ გაღრმავებაში დაეხმარება“.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო კარგად წარვადგინოთ საერთაშორისო დონეზე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძე გამგეობის წევრის თანამდებობაზე ორი წლის ვადით იმსახურებს.

პროგრესული ალიანსი 2013 წელს ჩამოყალიბდა, როგორც პროგრესული, სოციალ-დემოკრატიული, სოციალისტური და ლეიბორისტული პარტიების და ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით 130-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს.
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია.

ალიანსი სხვადასხვა რეგიონული პარტიების ქსელებთან თანამშრომლობს, მათ შორის არიან ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ჯგუფი და ევროპელი სოციალისტების პარტია. 

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ევროპელი სოციალისტების პარტიაში დამკვირვებელი წევრის სტატუსით სარგებლობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)