ნატო აფხაზეთის არჩევნებს არ აღიარებს
ნატო სეპარატისტულ აფხაზეთში ჩატარებულ „ე.წ. არჩევნებს“ არ აღიარებს, განაცხადა 14 მარტს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ.
„ეს არჩევნები არ უწყობს ხელს საქართველოში სიტუაციის გრძელვადიან მოგვარებას“, – აღნიშნა მან.
აპატურაიმ ასევე განაცხადა, რომ მოკავშირეები არ აღიარებენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და დაადასტურა ალიანსის „სრული მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
სეპარატისტული აფხაზეთის 12 მარტის საპარლამენტო არჩევნები უკვე დაგმეს თბილისმა და ბაქომ.