პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს
პრეზიდენტის სასახლე, თბილისი. ფოტო: Civil.ge/იანა ყორბეზაშვილი
საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც 2016 წლის დეკემბერში შეიქმნა, თითქმის მიაღწია შეთანხმებას პროექტზე, რომელიც ახალი კონსტიტუციის საფუძველი უნდა გახდეს. კომისიამ რეკომენდაციები 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა მოამზადოს.
18 მარტს ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მომავალი საკონსტიტუციო რეფორმის ორი ძირითადი კომპონენტი გამოჰყო, მათ შორის, პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება და შერეული საპარლამენტო საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა.
საპრეზიდენტო არჩევნები
კობახიძის თქმით პრეზიდენტს საყოველთაო არჩევნების გზით აღარ არიჩევენ. თუმცა, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ თავდაპირველად შეთავაზებული ინიციატივის ნაცვლად, რომელის მიხედვითაც პრეზიდენტს მხოლოდ პარლამენტი აირჩევდა, ამჯერად კომისია შეთანხმდა რომ პრეზიდენტს პარლამენტი და „რეგიონული წარმომადგენლობა“ ერთად აირჩევს.
18 მარტს, საკონსტიტუციო კომისიის წევრმა და ყოფილმა დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის ავტორია განმარტა, რომ პრეზიდენტს 300 დელეგატისგან შემდგარი ყრილობა აირჩევს, საიდანაც 150 პარლამენტის წევრი, ხოლო დანარჩენი 150 ადგილობრივი საკრებულოების და აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები იქნება.
„ეს არ უნდა იყოს მხოლოდ უმრავლესობის მიერ არჩეული დელეგატები, არამედ პროპორციულად იმისა როგორც არიან პარტიები წარმოდგენილები“, – განაცხადა ხმალაძემ.
ახალი წესი 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხება და ის არ გავრცელდება 2018 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ქართული ოცნების ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მწვავე კრიტიკა მოყვა.
16 მარტს ამ ინიციატივის კომენტირებისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ „ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება“ და მათ უნდა აირჩიონ პრეზიდენტი პირდაპირი წესით 2018 წელს და შემდგომ წლებშიც.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკრიტიკა ეს ინიციატივა და განაცხადა, რომ „მათ ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რატომ უნდა წავართვათ მაღალი წარმომადგენლობითი ნდობის ვოტუმი საქართველოს პრეზიდენტს“.
მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ „ინსტიტუტებს შორის ბრძოლის პირობებში დასაბალანსებლად გვჭირდება აქტიური, ქმედითი პრეზიდენტი, რომელსაც აირჩევს მოსახლეობა პირდაპირი წესით“.
„დემოკრატიის განვითარებისა და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული“, – ნათქვამია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 16 მარტს გამოქვეყნდა.
„პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება არ წარმოადგენს საპარლამენტო მოდელიდან გამომდინარე აუცილებლობას, რადგან საპარლამენტო მმართველობის მქონე ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც, მიუხედავად შეზღუდული უფლებამოსილებებისა, პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა“, – ნათქვამია განცხადებაში.
„იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოხდება პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ შეეხოს მომდევნო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და ძალაში შევიდეს 2023 წელს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება პოლიტიკური დატვირთვისგან გათავისუფლდეს და კონკრეტულ პიროვნებების გამო მიღებულად არ იყოს აღქმული“, – ნათქვამია განცხადებაში.
საპრეზიდენტო არჩევნების წესის შეცვლის იდეა ქართული ოცნების ზოგიერთმა დეპუტატმა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის დასაწყისშივე გაახმოვანა. მმართველი პარტიის დეპუტატებმა, კერძოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არსებული ინსტიტუციური სისტემა კლასიკური საპარლამენტო მმართველობის ფორმას სცილდება და ის სტანდარტულ ფორმას უნდა მოერგოს; ხოლო პრეზიდენტი, რომელიც კომისიას მმართველი პარტიის ხელში პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირების იარაღად მიიჩნევს, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა და ამის მოტივად ხალხის უფლებას ასახელებს, რომ მათ თავად აირჩიონ პრეზიდენტი.
საარჩევნო სისტემა
ამჟამად საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. 77 დეპუტატი 150-წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიების სიებიდან, რომლებიც 5%-იან ბარიერს დაძლევენ. დანარჩენი 73 მაჟორიტარი კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა.
შემოთავაზებული ვერსიის თანახმად, 5%-იანი ბარიერი დარჩება, თუმცა გაუქმდება მაჟორიტარული კომპონენტი პროპორციული სისტემის სასარგებლოდ; გაუნაწილებელი ადგილები იმ პოლიტიკურ პარტიას მიეკუთვნება, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
საარჩევნო ბლოკები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, რაც კიდევ უფრო ართულებს შედარებით მცირე პარტიებისთვის პარლამენტში შესვლას უფრო მსხვილ პოლიტიკურ პარტიებთან ალიანსში. ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის ახალი არ არის ნომინალურ პარტიებთან ბლოკში არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან ეს ორივეს პროცედურულ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს.
კობახიძის თქმით, ახალი საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს „საუკეთესო ბალანსს“ ორ ძირითად ინტერესს შორის – „ეს არის [საკონსტიტუციო სისტემის] პლურალიზმი და სტაბილურობა“.
თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის სულისკვეთება არ გაიზიარა სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.
მათ აღნიშნეს, რომ გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა შეიძლება „მთლიანი მანდატების 10%-ს, ან მეტსაც შეადგენდეს“, სამართლიანმა არჩევნებმა, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადეს, რომ „ამ მანდატების მთლიანად ერთი პარტიისთვის მიკუთვნება არსებითად გაზრდის პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის დისპროპორციას“.
„მოტივაცია, რომ საარჩევნო სისტემამ უზრუნველყოს სტაბილურობა გასაგებია, მაგრამ მსგავსი მეთოდით აღნიშნული მიზნის მიღწევა უსამართლო და გაუმართლებელია. სისტემის შეცვლას აზრი ეკარგება, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებშიც კი, მანდატების გადანაწილების არსებითად უსამართლო და არაპროპორციულ შედეგს მივიღებთ“, – განაცხადეს მათ.
„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება, თუნდაც ის მომდევნო არჩევნებისთვის არ ამოქმედდეს, ზედმეტად რადიკალურ ზომას წარმოადგენს და არ არის მიზანშეწონილი“, – განაცხადა სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.
„განსაკუთრებულად მიუღებელი იქნება ეს ნაბიჯი თუ შენარჩუნდება 5%-იანი ბარიერი და დამტკიცდება მანდატების განაწილების შემოთავაზებული წესი“, – დასძინეს მათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)