პუტინი მოსკოვში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერთან მოსკოვში, 21 მარტი, 2017. ფოტო: Kremlin
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში 21 მარტს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. როგორც კრემლი იტყობინება, მხარეებმა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და სეპარატისტულ რეგიონში „უსაფრთხოების, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები“ განიხილეს.
„რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა ნამდვილი სამეკავშირეო ურთიერთობები ჩამოაყალიბეს“, – განუცხადა პუტინმა თიბილოვს შეხვედრამდე. „ორმხრივ ურთიერთობებს ჩვენი საბაზისო შეთანხმების საფუძველზე ვავითარებთ; ასევე ხელმოწერილია დოკუმენტები დარგობრივი მიმართულებებით – საერთო ჯამში, ყველაფერი ხორციელდება“.
„რა თქმა უნდა, ასეთ დიდ სამუშაოში ყოველთვის არის საკითხები, რომლებიც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მთლიანობაში, კმაყოფილები ვართ იმით, რომ სიტუაცია თქვენს ქვეყანაში სტაბილური ხდება, შეიძლება ითქვას, რომ უკვე სტაბილურია“, – განაცხადა მან.
„წარმატებას გისურვებთ. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში გაიმართება, სამხრეთ ოსეთის კანონების დაცვით და საბოლოო ჯამში ახალ ხელსაყრელ პირობებს შექმნის განვითარებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
თიბილოვმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ქვეყნის მიერ სამხრეთ ოსეთისთვის გაწერული „სრულმასშტაბიანი დახმარებისთვის“, რამაც, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერის თქმით, რეგიონის მდგომარეობა „უკეთესობისკენ“ შეცვალა.
„დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ასობით [კვადრატულ] მეტრ აშენებულ შენობებზე, ახალ გზებზე, რომლებიც რესპუბლიკაში გაჩნდა, სოციალური დანიშნულების ობიექტებზე – ეს ყველაფერი იგრძნობა. რა თქმა უნდა, ეს დიდი რუსეთის დამსახურებაა“, – მიმართა თიბილოვმა პუტინს.
„ბატონო პრეზიდენტო, მინდა პირადად თქვენ მიმართ გამოვხატო მადლიერება იმ ნდობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოხატეთ ამ წლების მანძილზე. დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ მთელი დახმარება სამხრეთ ოსეთში მოდიოდა და ეს დახმარება ყოველთვის პოულობდა თავის ადრესატს. ეს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის პრიორიტეტულად მიმაჩნდა ჩემს მუშაობაში“, – განაცხადა თიბილოვმა.
თიბილოვთან შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა მოიწონა შეთანხმება „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ“, რომელიც სეპარატისტული რეგიონის სამხედრო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში შესვლას უზრუნველყოფს.
შეხვედრა სეპარატისტულ რეგიონში არსებული დაპირისპირების ფონზე გაიმართა, რასაც წინ უძღოდა რეგიონის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაერეგისტრირებინა, რასაც ცხინვალში აქციების სერია მოჰყვა.
სეპარატისტულ რეგიონში 9 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად დაგეგმილია ასევე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება რეგიონის სახელწოდების შეცვლის მიზნით, რომ მას ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)