ჯანელიძემ ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ 22 მარტს ვაშინგტონში ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
მინისტერიალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა უმასპინძლა და მასში 68 ქვეყნის და ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეებმა ე.წ "ისლამური სახელმწიფოდან" მომდინარე საფრთხეებზე, კოალიციის მიერ წარმოებულ ოპერაციებზე და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე იმსჯელეს.
Participating in the Global Coalition 68 partners meeting on the Defeat of ISIS @coalition pic.twitter.com/ednSrEfofx
— Mikheil Janelidze (@JanelidzeMkh) March 22, 2017
მინისტერიალის შემდეგ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მონაწილეობა „დასტურია იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით“.
„ჩვენი კონტრიბუცია მაღალია, როლი და მნიშვნელობა დიდია. საქართველო ჩართულია გლობალური კოალიციის საქმიანობაში მისი დაფუძნების დღიდან. ჩვენ ამით ვადასტურებთ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯანელიძის სიტყვებზე დაყრდნობით.
საქართველო გლობალურ კოალიციას 2014 წელს შეუერთდა.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ჯანელიძე შეხვდა თავის კოლეგებს ავსტრალიიდან, კანადიდან და სომალიდან, ასევე ამერიკელ სენატორ ტოდ იანგს, კონგრესმენ ელიოტ ენგელს და კონგრესმენ ტედ პოს.