საქართველო უარყოფს სომხეთში სამხედრო შეიარაღების ტრანზიტს
საქართველოდან სომხეთში პორტატული სარაკეტო-საზენიტო კომპლექსის შესაძლო ტრანზიტის შესახებ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის 22 მარტის განცხადების კომენტირებისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ „ასე გადაჭრით არ შეიძლება თქმა“, რომ შეიარაღება საქართველოს გავლით შევიდა სომხეთში.
„[სომხური მხარე] შეიძლება ამას ამბობს, მაგრამ ჩვენ დეტალებს ვარკვევთ და აუცილებლად საზოგადოებას ვამცნობთ ამის შესახებ“, – განუცხადა მღებრიშვილმა 23 მარტს ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც ის 20 მარტიდან იმყოფება.
22 მარტს სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ის წინასწარ ფლობდა ინფორმაციას სომხეთის მოქალაქეების მიერ „საქართველოდან სომხეთში პორტატული სარაკეტო-საზენიტო კომპლექსის „იგლას“ კონტრბანდული გზით გადატანის“ თაობაზე.
უსაფრთხოების სამსახურის თქმით, შეიარაღება ამოიღეს, ხოლო ორი პირი დააკავეს.
ფოტო სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების მიერ გავრცელებული ვიდეო მასალიდან.მეორე დღეს სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ერთობლივი ღონისძიებები ხორციელდება, რათა შემოწმდეს შეიარაღების სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გავლით შესაძლო გატანის შესახებ არსებული ინფორმაციის სანდოობა“.კიდევ ერთი ინფორმაცია სომხეთში ტრანზირის თაობაზე 22 მარტს გავრცელდა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის აქტივისტებმა ბოლნისის მახლობლად რუსული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილების გადაადგილება დააფიქსირეს, რომლებსაც შეფუთული ტვირთი გადაჰქონდათ.
ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ფოტო, სადაც მათივე თქმით,სატვირთო მანქანას სავარაუდოდ გადააქვს სამხედრო ტექნიკა, ბოლნისი.
„ამ წუთებში, ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილები გადაადგილდება, რომლებსაც შეფუთული და უცხო თვალისთვის შენიღბული ტვირთი გადააქვთ. ვიზუალური დაკვირვებით და დიდი ალბათობით, ეს არის მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკა… ტვირთი სავარაუდოდ, სომხეთის საზღვრისკენ გადაადგილდება“, – განაცხადა წიკლაურმა.
წიკლაურის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მასალაზე ხუთი სატვირთო მანქანა ჩანს და თითოეულზე ორი მანქანაა მოთავსებული.
23 მარტს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ „ეს არის არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა“.
„თავდაცვის სამინისტრო გასცემს ნებართვებს სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე, თუმცა ამ შემთხვევაში, მსგავსი ნებართვა არ გაცემულა. მოგახსენებთ, რომ სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე წლებია არც სომხეთიდან და არც რუსეთიდან თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავთ და შესაბამისად, არც ნებართვა გაცემულა“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა 23 მარტს ბრიფინგი გამართა და ნაციონალური მოძრაობა „უაპელაციო განცხადებების“ გაკეთებაში დაადანაშაულა. მან მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ თავი შეიკავონ ამგვარი განცხადებების გაკეთებისგან.
„სამწუხაროდ, ჩვენ ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა პოლიტიკურმა ძალებმა შეგვაჩვიეს უაპელაციოდ განცხადებების გაკეთება და რომლებიც, სამწუხაროდ, მიმართულია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, იმდენად, რამდენადაც ძალიან კარგად გესმით, რომ ეს თემა არის ძალიან მგრძნობიარე და მისი მსმენელი არის არა მხოლოდ ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ჩვენი მეზობლებიც, რომლებთანაც გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
„ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი პირველ რიგში ამ ინფორმაციას გადაამოწმებდა“, – განაცხადა სესიაშვილმა და დასძინა, რომ „ეს იყო სამოქალაქო ტვირთი, რომელიც განკუთვნილია სამაშველო სამსახურისთვის. ეს არის „გაზ 34 039“ ტიპის სამაშველო ტექნიკური საშუალება და არანაირად არ წარმოადგენს სამხედრო დანიშნულებას. შესაბამისად, აღარ საჭიროებს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ნებართვას“.
„ვწუხვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ტყუილების პოლიტიკას, რითაც შეცდომაში შეჰყავს ჩვენი მოსახლეობა, რითაც აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქმნის აბსოლუტურად უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელი, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის არის მიმართული მთლიანად“, – დასძინა სესიაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)