უკრაინა გმობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არჩევნებს
უკრაინა კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციასა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს შორის ახალ შეთანხმებას თავდაცვის სფეროში, ასევე „საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს“ და „ე.წ. რეფერენდუმს ცხინვალის რეგიონის სახელის გადარქმევაზე“, განაცხადა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში იგორ პროკოპჩუკმა 23 მარტს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრაზე.„უკრაინა ასეთ ქმედებებს მიიჩნევს რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის კიდევ ერთ დემონსტრირებად და საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობად“, – განაცხადა პროკოპჩუკმა.
#Prokopchuk: #Ukraine condemns & does not recognize so-called “parliamentary elections” in occupied #Abkhazia region of #Georgia
— UKR Mission to OSCE (@UKRinOSCE) March 23, 2017
„უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა პროკოპჩუკმა.
12 მარტს სეპარატისტულ აფხაზეთში 35-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად არჩევნები გაიმართა.
სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებული არჩევნები თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პოლონეთმა, ნატომ, კანადამ, ესტონეთმა, ლიტვამ, ფინეთმა, ავსტრალიამ და აზერბაიჯანმა დაგმეს და მას არალეგიტიმური უწოდეს.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლები 9 აპრილს რეგიონის ახალ ლიდერს აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ცხინვალში ასევე დაგეგმილია ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება რეგიონის სახელწოდების შეცვლის მიზნით, რომ მას ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“.
სამხრეთ ოსეთის არჩევნები უკვე დაგმეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და პოლონეთმა.