ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს ესტუმრა

ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები და მოადგილეები 20-22 მარტს საქართველოს ესტუმრნენ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატში შეხვედრის გასამართად და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის მხარდასაჭერად.
დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა და სამოქალაქო აქტივისტებსაც გაესაუბრა. ისინი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე სოფელ ხურვალეთსაც ესტუმრნენ.
ნორდიკულ-ბალტიური ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ  პარლამენტის თავმჯდომარეები პია ქეასგო (დანია); ეიკი ნესტორი (ესტონეთი); ინარა მურნიეცე (ლატვია); ვიქტორას პრანცკიეტისი (ლიტვა); ოლემიკ ტომესენი (ნორვეგია); ვიცე-სპიკერები არტო სატონენი (ფინეთი); სტეინღიმერ სეიფუსონი (ისლანდია); შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქვიქი წარმოადგენდა.
ნორდიკულ-ბალტიური რვიანი 1992 წელს ჩამოყალიბდა როგორც სკანდინავიის საბჭოსა და ბალტიისპირეთის ასამბლეას შორის თანამშრომლობის ფორმალური შეთანხმება. 
თბილი მიღება
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ნორდიკულ-ბალტიური რვიანის დელეგაციამ 21 მარტს პარლამენტში ერთობლივი შეხვედრა გამართეს. კობახიძემ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა, რომელიც „უნიკალურ ფორმატში“ გაიმართა, არის ადგილი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების და მათი მოგვარების გზების განსახილველად. მისი თქმით,  ნორდიკულ-ბალტიური რვიანი საპარლამენტო დიპლომატიის „ეფექტური“ მექანიზმია.
კობახიძემ დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, გენდერული და სოციალური თანასწორობის საერთო ღირებულებებზე და პრინციპებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაფართოება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მიღწევები სკანდინავიური და ბალტიისპირეთის ქვეყნების  მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.   
„ჩვენ გვახსოვს სკანდინავიური ქვეყნების მხარდაჭერა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიმართ, ამ უკანასკნელთა მიზნების მიღწევის პროცესში. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ახლა, სკანდინავიური და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებმა თავი მოიყარეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად", – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დელეგაციის წარმომადგენლებთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უსაფრთხოების გარემო და რუსეთის ფედერაციის მიერ ამ კუთხით განხორციელებული ქმედებები განიხილა. 
სოლიდარობის სიტყვები
დელეგაციის წევრებმა ცალსახა მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მისწრაფებების მიმართ და შემდგომ რეფორმებს მხარდაჭერა აღუთქვეს.
ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ეიკი ნესტორმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრა მიზნად ისახავს საქართველოს ლიდერების წახალისებას, რომ მათ „განავითარონ და რეფორმები განახორციელონ ქვეყანაში ევროპასთან უკეთესი ინტეგრაციის მიზნით“. მან ხაზი გაუსვა, რომ „ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დაინტერესებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში“. მან ასევე განაცხადა, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს წუხილები ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს“.
ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარემ ინარა მურნიეცემ მოუწოდა საქართველოს ლიდერებს, რომ არ შეასუსტონ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული რეფორმები, რადგანაც „გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი მოქალაქეებს პრაქტიკულ სარგებელს მოუტანენ“.
ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარემ ვიქტორას პრანცკიეტისმა განაცხადა, რომ „ლიტვას სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის“ და საქართველოს დახმარება ევროინტეგრაციაში საკუთარ მოვალეობად მიაჩნია. მან ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება საქართველოს დადებით მიღწევებზე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში, კერძოდ, რუსეთის აგრესიული პროპაგანდის ფონზე.