გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ‘დაუყონებლივ შესვლის’ უფლებას ითხოვს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ბოლო დღეს, 24 მარტს საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

დაადასტურა რა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, საბჭომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და სხვა საერთაშორისო და რეგიონული ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებისთვის სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „დაუყონებლივ შესვლის“ უფლების მინიჭება მოითხოვა.

საბჭოს 47 წევრიდან 18 რეზოლუციას მხარი დაუჭირა. მათ შორის იყვნენ საბჭოს წევრები ევროპიდან (ალბანეთი, ბელგია, ხორვატია, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვენია და გაერთიანებული სამეფო), ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბოტსვანადან, იაპონიიდან, პანამადან, პარაგვაიდან და ტოგოდან. ხუთმა დელეგაციამ წინააღმდეგ მისცა ხმა (ბოლივია, ბურუნდი, ჩინეთი, კუბა და ვენესუელა). 24-მა კი თავი შეიკავა, მათ შორის შვეიცარიამ, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს ასრულებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაერო-ს სპეციალურმა ორგანომ – ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო საქართველოს საკითხზე“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით უპასუხა და განაცხადა, რომ რეზოლუცია „ცალსახად პოლიტიზირებული იყო და აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული“. იმავე განცხადებაში მოსკოვმა საქართველო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების წინააღმდეგ საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა

რუსეთმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ადგილი 2016 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დაკარგა, რაც სირიაში მისი მოქმედებების საპასუხოდ, გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებმა გადაწყვიტეს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი რუსეთის ნაცვლად ხორვატიას და უნგრეთს წარმოედგინათ. 2015 წელს საქართველო ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2016-2018 წლების ვადით აირჩიეს. 2016 წლის დეკემბერში გაეროს ორგანიზაციებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს.