კვირიკაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის შეხვედრა, 28 მარტი, 2017. ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია.
შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების აღსანიშნავად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებთან, დეპუტატებთან და სტუდენტების ჯგუფთან ერთად 28 მარტს ბრიუსელში ჩავიდა. მანამდე დელეგაცია ათენს სტუმრობდა.
ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა.
კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „საქართველომ დიდი სამუშაო შეასრულა და ბევრს მიაღწია“.
„დღეს ისტორიული დღეა ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ქართველი ხალხისთვის, რომლებიც ამიერიდან უვიზოდ შეძლებენ შენგენის ზონაში მოგზაურობას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირი -საქართველოს კიდევ უფრო ახლო ურთიერთობის დასამყარებლად“, – განაცხადა ტუსკმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიესალმება მთავრობის აქტიურ ჩართულობას აღმოსავლეთ პარტნიორობაში და მის წვლილს თანამშრომლობის ახალი სფეროების მოძიებაში შემოდგომაზე დაგეგმილი სამიტის წინ.
შედეგი მიღწეულია. ვზეიმობთ უვიზო მიმოსვლას საქართველოსთვის და გაერთიანებულ ევროპას, რომელიც დაპირებებს ასრულებს #VisaFree @KvirikashviliGi pic.twitter.com/XCKgxnpPym
— Donald Tusk (@eucopresident) March 28, 2017
დონალდ ტუსკმა შეშფოთება გამოხატა სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი გამშვები პუნქტის დახურვის გამო.
„იმ დროს, როდესაც ევროკავშირი თავის საზღვრებს უხსნის საქართველოს, თქვენ გყავთ მეზობელი, რომელიც ახალი საზღვრების შექმნაში ეხმარება, რათა შეზღუდოს თქვენი თავისუფლება თქვენს სუვერენულ სახელმწიფოში“, – განაცხადა მან.
ტუსკმა დაადასტურა ევროკავშირის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის „მტკიცე მხარდაჭერა“ გამოხატა საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.
„აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჩართულობის შემდგომი ძალისხმევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ კონფლიქტების გრძელვადიანი მოგვარების მისაღწევად“, – განაცხადა მან.
„რუსთავი 2“-ის საკუთრების დავაზე საუბრისას დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედია პლურალიზმს და მოუთმენლად ელის კონკრეტულ ნაბიჯებს ამის უზრუნველსაყოფად“.
კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს დახმარებისთვის და დასძინა, რომ ეს იქნება „ძლიერი სტიმული ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი მიღწევებისთვის“.
„პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ მთელი რიგი პრიორიტეტები და მომავალი ნაბიჯები, რათა საუკეთესოდ გამოვიყენოთ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები, ასოცირების შეთანხმნების სრული გამოყენების გზით, რაც საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირსა და პარტნიორებს შორის კავშირების გაძლიერებაში და მომავლის ერთად შენებაში“. „საქართველოს სწამს მისი ევროპული მომავლის; ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით ევროკავშირთან ჩვენი ამბიციური ურთიერთობის შემდგომი პროგრესული განვითარების მიმართ“, – დასძინა მან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ „ისტორიული დღე ქართველი ხალხისა და ევროკავშირისთვის“ დადგა „გრძელი და ზოგჯერ რთული გზის გავლის შემდეგ“ და ეს მხოლოდ იმ ამბიციური და რთული რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა გაიარეს.
„ამ გზაზე ჩვენ საქართველოს ყველა ნაბიჯს ვუჭერდით მხარს… და რაც მეტ რეფორმას ახორციელებდით, მით მეტად გიჭერდით მხარს. სწორედ საქართველომ – მისმა მთავრობამ და ხალხმა, შეასრულა ეს რთული სამუშაო. დღევანდელი გადაწყვეტილება მათი ძალისხმევის დასტურია. დღევანდელი დღე დიდი წარმატების დასაწყისია“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)