საქართველოს შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულმა სხდომამ რუსეთი გააღიზიანა

გაეროში რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა პიოტრ ილიჩევმა უშიშროების საბჭოს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ გამართულ დისკუსიების შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს აზიანებს. 

მისი თქმით „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია კონფლიქტი არ არის“ და უშიშროების საბჭოს არ უნდა უღირდეს ამ თემისთვის ყურადღების დათმობა.

ილიჩევმა ასევე განაცხადა, რომ „საჭიროა იმ რეალობის აღიარება, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ვითარდება“ და რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო სუვერენიტეტი“, რომელსაც რუსეთი აღიარებს, „განხილვას არ ექვემდებარება“.

რუსი დიპლომატის თქმით, ჟენევის დისკუსიებმა დაადასტურა, რომ ის სასარგებლო ფორმატია „ერთი მხრივ, საქართველოსა და აფხაზეთს შორის და მეორე მხრივ, სამხრეთ ოსეთსა და და საქართველოს შორის უთანხმოებების მოსაგვარებლად“.

„თუმცა, საქართველოს ამჟამინდელი წამოწყება კიდევ უფრო ზრდის იმ ზიანს, რომელიც ჟენევის დისკუსიებს, გაეროს გენერალურ ასამბლეაში ყოველწლიურად დევნილებზე პოლიტიზირებული რეზოლუციის პროექტის შეტანით ადგება“, – განაცხადა ილიჩევმა.

„ამგვარმა ნაბიჯებმა უკვე შეუძლებელი გახადა ჟენევის დისკუსიების ჰუმანიტარულ ჯგუფში პრობლემების განხილვა“, – აღნიშნა მან.

„თუ საქართველო და მისი მფარველები უსაფრთხოების პრობლემის განხილვას კვლავაც შეეცდებიან ნიუ-იორკში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობის გარეშე, მაშინ ჟენევის დისკუსიები შესაძლოა საერთოდაც დაიხუროს“, – დასძინა ილიჩევმა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ტარდება, სადაც თბილისის და მოსკოვის წარმომადგენლები, აფხაზეთისა და ოსეთის მონაწილეობით, უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ. 

მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნით, დისკუსიებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების ჩართვამ, შეუძლებელი გახადა ჟენევის დისკუსიების გაფართოებულ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრების ჩატარება.