თვითმმართველი ქალაქების მოსალოდნელ შემცირებას არასამთავრობოები აპროტესტებენ
მთავრობა თვითმმართველი სტატუსის მქონე ქალაქების რაოდენობის 12-დან 5-მდე შემცირებას ვარაუდობს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ნაწილი აპროტესტებს.
2014 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 5-დან 12-მდე გაიზარდა და არსებული ხუთი თვითმმართველი ქალაქის – თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის და ბათუმის გარდა სტატუსი ასევე მიენიჭა თელავს, მცხეთას, გორს, ახალციხეს, ამბროლაურს, ოზურგეთს და ზუგდიდს. ამ კანონის ძირითადი ნოვაცია მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევაა.
29 მარტს 120-მდე არასამთავრობო და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აცხადებენ, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმება „დაუშვებელია“ და ხელისუფლებას მოუწოდებენ „მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერებს განვითარების დაწყებულ პროცესს“.
„თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება შეაფერხებს როგორც ქალაქის, ისე სოფლის განვითარებასაც… ქალაქი, რომელსაც არ ჰყავს მოსახლეობის მიერ არჩეული და მის წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლება, არ აქვს საკუთარი შემოსავლები, ქონება და ბიუჯეტი, კარგავს განვითარების სამომავლო პერსპექტივებს“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
მოგვიანებით ამ საკითხზე განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა, რომლის ინიციატივითაც, 2014 წელს თვითმართველობის სტატუსი მიენიჭა დამატებით 7 ქალაქს და ამჟამად იგივე სამინისტრო მათი შემცირების საკითხს განიხილავს.
განცხადების მიხედვით, დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე კონკრეტული პირობის დაცვით – შეერთების შედეგად არ უნდა გაუარესდეს მუნიციპალიტეტების განვითარებისათვის აუცილებელი ფინანსური მდგომარეობა და ეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი კომპლექსური ცვლილებების გატარებით.
სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილება არ ეხება მერების და გამგებლების არჩევითობის საკითხს.
ამ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. მისი თქმით, 2014 წელს იგი განხორციელებული რეფორმის "წინააღმდეგი" იყო.
„კარგად ვარ ჩახედული ამ საკითხში, მათ შორის, ვმონაწილეობდი იმ დისკუსიებშიც, რომელიც უკავშირდებოდა ამ შვიდი ერთეულის გაყოფას და მაშინვე ვიყავი წინააღმდეგი იმ რეფორმის, რომელიც განხორციელდა და ეს მქონდა დასაბუთებული თავისი ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური გათვლებით. იყო რეალურად არასწორი, რაც გაკეთდა რამდენიმე წლის წინ, ამას ჰქონდა თავისი კონტექსტი და აქ დეტალებში აღარ შევალ, თუმცა, რაც შეეხება გაერთიანებას, ესეც თავის სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 30 მარტს.
განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ საკითხზე, უწყებაში არსებული სამუშაო ჯგუფი კონსულტაციების გამართვას გეგმავს არასამთავრობო სექტორთან და სფეროს სპეციალისტებთან.