აშშ-ის სენატის კომიტეტის მოსმენაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს

რუსული პროპაგანდა საქართველოში და მისი შედეგები იყო განხილვის ერთერთი თემა აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტის მოსმენაზე, რომელიც 29 მარტს გაიმართა.

მოსმენა, სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივები რუსეთთან მიმართებაში“ სენატის ასიგნებების კომიტეტის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მომიჯნავე პროგრამების ქვეკომიტეტში გაიმართა.  

მოსმენაზე სიტყვით გამოვიდნენ ვლადიმერ კარა-მურზა, ღია რუსეთის ინიციატივის თავმჯდომარის მოადგილე; ლორა ჯუიტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების რეგიონური დირექტორი, და იან ერიკ სუროტჩაკი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის რეგიონული დირექტორი ევროპის საკითხებში.   

თავის გახსნით სიტყვაში სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც მოსმენას თავმჯდომარეობდა, შეშფოთება გამოხატა რუსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, მედიაზე ხელისუფლების კონტროლს და კორუფციას გაუსვა ხაზი.

„პუტინის რეჟიმმა საზღვრები არ იცის, ისინი მოკლავენ, მოიპარავენ, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ“, – აღნიშნა გრემმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა 26 მარტს რუსეთის მასშტაბით ასამდე ქალაქში გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევა.

ლორა ჯუიტმა იმ საფრთხეებს გაუსვა ხაზი, რომელსაც ევრაზიის ქვეყნებში რუსეთის ჰიბრიდული ომები ქმნიან. მისი თქმით, „ეს პოტენციურად უფრო ძლიერია, ვიდრე სამხედრო ხომალდები და რაკეტები, ვინაიდან წარმატების შემთხვევაში, აგრესორს შეუძლია ნებისმიერ ქვეყანას წაართვას სუვერენიტეტი მისი ტერიტორიის ჩამორთმევის გარეშე“.

თავის გამოსვლაში ლორა ჯუიტი საქართველოში რუსულ პროპაგანდასაც შეეხო.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკა დასავლეთისკენაა ორიენტირებული და ქართველების უმეტესობა დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ ისწრაფვის, რაც ხსნის იმას, თუ რატომ შეიჭრა რუსეთი საქართველოში და რატომ განაგრძობს მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას; სწორედ იმისათვის, რომ ეს მიზნები ჩაშალოს“, – განაცხადა მან.

„და მაინც, რუსული პროპაგანდის გავლენა საგრძნობია. ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ევროპასთან ინტეგრაცია ქართველებს საკუთარ ტრადიციულ ღირებულებებს დააკარგვინებს. სხვა მოსაზრების თანახმად, თუ საქართველო ძალიან დაუახლოვდება ევროპას, ამას მოსკოვის მხრიდან სამხედრო ჩარევა მოყვება. ამ გზავნილებმა ფესვები გაიდგა და ისინი პოლიტიკას ამახინჯებენ“, – განაცხადა ლორა ჯუიტმა. 

„თუმცა, საქართველოს საქებრად უნდა ითქვას, რომ ის არის აქტიური სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ადგილი, რომლებიც ამ ჩარევას იგერიებენ“, – დასძინა მან.

ლორა ჯუიტმა საკომიტეტო მოსმენაზე ასევე წარმოადგინა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს წერილობითი განცხადებები.