ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა


ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ინე ერიქსენ სორეიდე და გენშტაბის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ჯანჯღავა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრნენ, 3 აპრილი, 2017. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ინე ერიქსენ სორეიდე 3 აპრილს თბილისს თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა და ქართველ კოლეგას, ლევან იზორიას და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

შეხვედრის დროს თავდაცვის მინისტრებმა ქვეყანაში უსაფრთხოების გარემოზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, თავდაცვის სფეროში ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე და საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

ლევან იზორიამ თავისი ნორვეგიელი კოლეგა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიწვია მთავარი მომხსენებლის რანგში. მხარეებმა 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმასაც მოაწერეს ხელი. 

იმავე დღეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ნატოს „ღირებული პარტნიორია“ და ალიანსი ამ თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების საკითხს განიხილავს. „მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ განახორციელოს რეფორმები და იმავდროულად იყოს კარგი და სანდო პარტნიორი“, – განაცხადა მან.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ნორვეგიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

იგი ასევე შეეხო თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხს და აღნიშნა, რომ ნორვეგიას სურს, რომ კიდევ უფრო განავითაროს ურთიერთობა ნორვეგიის გვარდიას და საქართველოს ეროვნულ გვარდიას შორის. „ჩვენს ერთობლივ სიას კიდევ ერთი პუნქტი შევმატეთ და ესაა დისტანციური სწავლება“, – განაცხადა მან.

ინე ერიქსენ სორეიდემ ნატოს ახალ ინიციატივებში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობაზეც ისაუბრა. „ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბატონ იზორიასთან შეხვედრაზე წამოვაყენე, არის საქართველოს გამოცდილების გამოყენება. ჩვენ, ნორდიკულ-ბალტიურ კონტექსტში, განვიხილავთ იმის შესაძლებლობას, რომ JTEC-ის ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც განვახორციელოთ. და ძალიან გვინდა, რომ ამ საქმეში საქართველოც შემოგვიერთდეს. ამ საკითხს ჩემს სკანდინავიელ კოლეგებთან დავაყენებ, როდესაც მაისში შევხვდები მათ და შევეცდებით გამოვნახოთ ფორმატები, სადაც საქართველოც შეძლებს მონაწილეობას, როგორც ამ ჯგუფის ასოცირებული წევრი“, – განაცხადა მინისტრმა.      

ორშაბათს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)