აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს მიესალმება

დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) წევრმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯონ შიმკუსმა, House Baltic Caucus-ის თანათავმჯდომარემ, 6 აპრილს წარმომადგენელთა პალატას ორპარტიული რეზოლუცია წარუდგინეს, სადაც ნატოსა და აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავენ.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, რუსეთის აგრესიული ქმედებები მისი მეზობელი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ, მათ შორის,”ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის მრავალჯერ დარღვევა, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმის ანექსია და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მუდმივი მუქარები“, არღვევს ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ევროპის არასტაბილურობას უწყობს ხელს.

„წარმომადგენელთა პალატას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნოს და გაზარდოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერა“, – ნათქვამია პროექტში.

წარმომადგენელთა პალატა „მხარს უჭერს და მიესალმება ყველა ამ ქვეყნის ხალხების, მათ შორის, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას დემოკრატიულ მისწრაფებებს“ და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წევრობისთვის ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებენ, „ნატოს წევრობის კარის ღიად დატოვების მომხრეა“.

კონგრესმენმა სტივ კოენმა, რომელიც რეზოლუციის თანაავტორია, განაცხადა, რომ „ბევრმა აღმოსავლეთ ევროპის ყოფილმა საბჭოთა ქვეყანამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები განახორციელა ევროპაში ინტეგრაციის მისწრაფებების მისაღწევად, მაგრამ რუსეთი ამ ქვეყნების სუვერენიტეტს დაემუქრა“.

„ამ გაურკვეველ ვითარებაში, ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი მეგობრები უკან არ უნდა დარჩნენ. ჩვენი ორპარტიული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰარმონიისა და სტაბილურობის მნიშვნელობას, ნაცვლად ომისა და კონფლიქტისა და აღიარებს ნატოს ცენტრალურ როლს ამ მიზნების მიღწევაში. ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს და ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების გვერდით უნდა დადგეს ისევე, როგორც ეს ჩვენთვის დასავლეთ ბალკანეთში, ერაყში, ავღანეთსა და სხვაგან გააკეთეს“, – დასძინა მან.

რეზოლუცია, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტს წარედგინა, 35 დეპუტატის შემადგენლობით ორპარტიული ჯგუფის თანაავტორობით მომზადდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)