თბილისი: აშშ-ის საპასუხო ქმედება სირიაში ‘დროული და ადექვატური’ იყო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აპრილს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „აშშ-ის მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედება იყო დროული, ადექვატური და გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა“.
„მნიშვნელოვანია, რომ გატარდა ყველა სახის გამაფრთხილებელი ზომა“, – განაცხადა სამინისტრომ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება „გამოიჩენს სათანადო პრინციპულობასა და ერთიანობას სირიაში საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად“.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, რომელმაც ასევე გააკეთა კომენტარი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღნიშნა: „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული დარტყმები სირიაში იყო მოზომილი, პროპორციული და წერტილოვანი, რომელიც მიზნად ისახავდა იმ ობიექტების განადგურებას, სადაც ინახებოდა ქიმიური იარაღი“.
„ყველა ეს ღონისძიება განხორციელდა ისე, რომ მაქსიმალურად თავიდან ყოფილიყო არიდებული ადამიანების მსხვერპლი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
7 აპრილს განხორციელებული საპასუხო ქმედება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა მას შემდეგ, რაც ქალაქ ჰან შეიხუნში ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)