არჩევნები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში
საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 17 იანვარს გამოცხადდა, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში კვირას, 9 აპრილს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად რეგიონში ასევე ჩატარდება რეფერენდუმი სახელის გადარქმევის თაობაზე, რათა მას „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიას სახელმწიფო“ ეწოდოს.
ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში 72 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხუთი კი სხვა ადგილებში იფუნქციონირებს, მათ შორის, სამი ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის ოლქში, ერთი მოსკოვში და ერთიც სოხუმში.
რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ სანდო მონაცემები არ არსებობს. საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკი სამხრეთ ოსეთის“ ცნობით სიაში დაახლოებით 32, 736 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, თუმცა ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციას ოფიციალური ინფორმაცია ამის თაობაზე არ გამოუქვეყნებია.
არჩევნებს რუსეთის ფედერაციიდან, ასევე აფხაზეთიდან, დონბასიდან, მთიანი ყარაბაღიდან და დნესტრისპირეთიდან ჩამოსული დამკვირვებლები დააკვირდებიან.
კანდიდატები
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: რეგიონის მოქმედი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი; პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი ალან გაგლოევი.
თიბილოვი, რომელიც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეა, რეგიონის ლიდერი 2012 წლის აპრილში გახდა. მის არჩევას წინ უძღოდა დაპირისპირება საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო 2011 წლის ბოლოს, როდესაც ოპოზიციური კანდიდატის ალა ჯიოევას გამარჯვება, მისი მომხრეების პროტესტის მიუხედავად, ბათილად ცნეს. ანატოლი ბიბილოვი, რომელმაც 2011 წელს ჯიოევასთან არჩევნები წააგო, ახლა თიბილოვის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ყველა კანდიდატი პრიორიტეტად მიიჩნევდა საზოგადოების ერთიანობისა და განვითარების საჭიროებას.
თიბილოვმა აქტიური კამპანია აწარმოა „სტაბილურობისა და განვითარების“ ლოზუნგით და რუსეთთან უფრო ღრმა ინტეგრაციის პირობა დადო, ხოლო ბიბილოვის პროგრამა უფრო დეტალურ გეგმებს მოიცავდა სოფლად სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად.
თიბილოვმა და ბიბილოვმა ერთმანეთი თავიანთ ამჟამინდელ თანამდებობებზე არაეფექტურ მუშაობასა და თბილისთან მეგობრობაში დაადანაშაულეს, თუმცა ამ ბოლო ბრალდების დასაბუთება ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო.
რაც შეეხება გაგლოევს, მისი წინასაარჩევნო კამპანია შედარებით პასიური იყო.
ედუარდ კოკოითის წარუმატებელი დაბრუნება
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერის ედუარდ კოკოითის მცდელობა არჩევნებში მონაწილეობა მიეღო წარუმატებლად დასრულდა.
4 მარტს რეგიონის საარჩევნო ადმინისტრაციამ კოკოითის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ მას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში არ უცხოვრია. კოკოითიმ ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამათლოში გაასაჩივრა, თუმცა ამ უკანასკნელმა საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
საპასუხოდ, კოკოითიმ საპროტესტო აქციები გამართა და განაცხადა, რომ სეპარატისტული რეგიონის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების უკან ვლადიმერ პუტინის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი დგას. მართალია კოკოითიმ პუტინის მიმართ ლოიალობა გამოხატა, მან სურკოვს „არამზადა“ უწოდა, რომელიც მისი თქმით, ისე იქცევა, თითქოს სამხრეთ ოსეთის „მეპატრონე“ იყოს. თუმცა, ამან მაინც ვერ უშველა კოკოითის, რომ კანდიდატი გამხდარიყო.
მოსკოვის არჩევანი
იმავდროულად, კრემლისთვის სავარაუდოდ ცნობილია, ვინ არის მისი ფავორიტი.
21 მარტს ვლადიმერ პუტინი მოსკოვში სეპარატისტული რეგიონის მოქმედ ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. შეხვედრაზე პუტინმა თიბილოვს მომავალ არჩევნებში წარმატებები უსურვა. ბევრმა რეგიონში, მათ შორის თავად თიბილოვმაც, პუტინის სიტყვები მისი გამარჯვების წინაპირობად მიიჩნიეს.
თიბილოვის ოპონენტმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც მოსკოვს სამი დღის შემდეგ ესტუმრა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესთან ვალენტინა მატვიენკოსთან მოახერხა შეხვედრა.
კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მოსკოვი თიბილოვს ემხრობა, რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ დელეგაციის ცხინვალში ვიზიტია. პარტიის წევრებმა შეხვედრები გამართეს თიბილოვთან. გარდა ამისა, პარტიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ თიბილოვის გადაწყვეტილებას მეორედ იყაროს კენჭი მხარი დაუჭირა. ყველაფერი ეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
მოახდენს თუ არა რუსეთი რეგიონის ანექსიას?
პრეზიდენტობის სამივე კანდიდატი სეპარატისტული რეგიონის რუსეთის ფედერაციაში შესვლის მომხრეა.
ბიბილოვმა არჩევნებამდე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თიბილოვსა და მას შორის შეთანხმება არსებობდა, რომ რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 2017 წელს გამართულიყო. თუმცა, თიბილოვმა უპასუხა, რომ ბიბილოვის განცხადება ნაადრევი იყო და დასძინა, რომ „საპრეზიდენტო კანდიდატი ასეთ საკითხებს დაუფიქრებლად არ უნდა ეკიდებოდეს“.
მესამე კანდიდატმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ რუსეთი თავად არ არის მზად ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო ცხინვალის მოსახლეობა რუსეთთან მიერთების მომხრეა.
ლეონიდ თიბილოვი ასევე ლობირებს იდეას, რომ რეგიონის გადარქმევის თაობაზე გადაწყვეტილება რეფერენდუმით დადასტურდეს, რაც საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება. მთავარი მიზანი რეგიონის სახელწოდებაში სიტყვა „ალანიას“ დამატებაა, ჩრდილოეთ ოსეთი – ალანიას მსგავსად. ამგვარ ქმედებას ძლიერი ისტორიული კონოტაცია გააჩნია და ამ ტერიტორიის ოსურ იდენტობაზე განაცხადს წარმოადგენს.
რეფერენდუმის გამოცხადების თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში თიბილოვმა აღნიშნა: „ქვეყანას უნდა ერქვას მათი სახელები, ვინც ის შექმნა. ალანიის სახელმწიფოებრიობის აღორძინების შემდეგ, მისი ძველი სახელიც უნდა აღორძინდეს – მათი წინაპრების ძველ სახელზე, რომელსაც ის ძმური ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიას ხალხთან იზიარებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში“.
თბილისის შეხედულებები
ოფიციალური თბილისი ამ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს. საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებით მიუღებლად მიაჩნია რეფერენდუმი რეგიონის გადარქმევის თაობაზე. ამ საკითხზე განცხადებები პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ თებერვალში გაავრცელეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „საქართველოს ოკუპირებული რეგიონისათვის რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის მინიჭებით მოსკოვი იწყებს დარჩენილი ინსტრუმენტების ამოქმედებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“.
სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება იმ პირობებში, როდესაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია მკვიდრი ქართველი მოსახლეობა და ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, არის უკანონო და გამოკითხვის შედეგების მიუხედავად ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს“.
დაახლოებით 35, 000 ეთნიკური ქართველი, რომლებიც თავიანთი სახლებიდან გამოაძევეს, ვერ შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას.
საერთაშორისო რეაქციები
არჩევნებს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მათ შორის, მომავალ რეფერენდუმს, არალეგიტიმურად მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგრობობა, გარდა რუსეთისა და კიდევ სამი ქვეყნისა (ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ), რომლებმაც მათი დამოუკიდებლობა აღიარეს.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის არჩევნები უკვე დაგმეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, პოლონეთმა და უკრაინამ.
შეშფოთება არჩევნების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გამოთქვეს, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ და გაეროს უშიშროების საბჭომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)