თბილისი ცხინვალის რეგიონში გამართულ არჩევნებს გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე „ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი“ უკანონოა და „არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს“.
„რუსეთის საოკუპაციო ძალის ეს პროვოკაციული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგების, სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს უძველესი რეგიონისათვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელის – „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიის სახელმწიფო“ – დარქმევასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მიზნად ისახავს რეგიონის უკანონო ანექსიისათვის საფუძველის მომზადებას. ეს განზრახვა მკაფიოდ წარმოჩინდა ახლახანს ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმებითაც, რომელიც ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანებას ითვალისწინებს“.
„მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში და ხელს უშლის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, „სათანადო შეფასება მისცეს ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს“.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის განცხადებაში ანალოგიური გზავნილები გააჟღერა და აღნიშნა: „მე მჯერა, რომ ჩვენ, ქართველები და ოსები, გამოვნახავთ ერთმანეთისკენ სავალ გზებს და მოვერევით ისტორიულად არარსებულ გაუცხოებას, ერთად ვიზრუნებთ ჩვენი საერთო სამშობლოს, საერთო სახელმწიფოს – საქართველოს მშენებლობისთვის“.
9 აპრილს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ასევე გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ „ეს ქმედება მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს“.
„ტერიტორიაზე, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ იქნა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და სადაც რეალურ კონტროლს ახორციელებს უცხო ქვეყნის საოკუპაციო ძალა, შეუძლებელია ვისაუბროთ მოსახლეობის თავისუფალი არჩევანის ან ნების თავისუფლად გამოხატვის რაიმე ფორმის შესახებ“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
მისი თქმით, ე.წ. რეფერენდუმი „სხვა არაფერია, თუ არა მცოცავი ოკუპაციის რეჟიმის აშკარა ანექსიაში გარდასახვა იგივე სცენარით, რომელიც რუსეთის ფედერაციამ 2014 წელს განახორციელა ყირიმთან მიმართებაში“.
მან მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცე პოზიცია დააფიქსიროს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ „იმ უნივერსალური და ფუძემდებლური პრინციპების ქმედუნარიანობას, რასაც ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი“.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის არჩევნები უკვე დაგმეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა, აშშ-ის საელჩომ თბილისში, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის, იაპონიამ, პოლონეთმა და უკრაინამ.