კამპანია „ეს შენ გეხება“ მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება“-ს წარმომადგენლებმა, რომელშიც ათობით არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული, 11 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონის გასაჩივრების მიზნით, სამოქალაქო სარჩელებით მიმართეს.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონი დაამტკიცა, კამპანიამ „ეს შენ გეხება“ სპეციალური აპლიკაცია შექმნა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ აღნიშნული კანონის გასაჩივრების მიზნით ელექტრონული სარჩელი შეევსოთ.

ეს აქცია 6 აპრილს დასრულდა. კამპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ელექტრონული სარჩელები, რომლებიც 300-მდე ადამიანმა შეავსო, სასამართლოში დღეს გადაგზავნეს.

„იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლოს რეაგირება იქნება სწრაფი და ის სრულად გაიზიარებს ჩვენს პოზიციებს, რადგან ეს არის კარგი საშუალება, რათა მათ დაიცვან საკონსტიტუციო სასამართლოს პრესტიჟი“, – განაცხადეს „ეს შენ გეხება“-ს წარმომადგენლებმა 11 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, რის შემდეგაც ფოსტის საშუალებით მოქალაქეების სარჩელები სასამართლოში გადააგზავნეს.

ამ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი. ამის შესახებ, გიორგი მარგველაშვილმა 7 აპრილს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„საზოგადოების ერთიანობიდან და ერთიანი სულისკვეთებიდან გამომდინარე, მე გადავწყვიტე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი დავუჭირო მოქალაქეების სარჩელს და მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტატუსით, სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რაც მე მომცემს შესაძლებლობას დავეხმარო სასამართლოს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში“, – ამ სიტყვებით დაასრულა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მეგობარი (Amicus Curiae) წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის მხარე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში და უფლება აქვს საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით.

6 აპრილს, ამავე კანონზე საკონსტიტუციო სასმართლოში ინდივიდუალური სარჩელები შეიტანეს პარტიებმა „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

ცალკეული პარტიები კანონის იმ ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომლის მიხედვით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი ორგანო იქნება.

ამავე კანონზე ცალკე სარჩელს ამზადებს სახალხო დამცველი, რომელსაც უახლოეს დღეებში წარადგენს სასამართლოში.

კამპანია „ეს შენ გეხება“-ს და სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წელს ერთხელ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად საკანონმდებლო პაკეტი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პარლამენტს ახალი კანონპროექტის მომზადება დაევალა. პირველ მარტს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვით, უნდა შეიქმნას ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი ორგანო იქნება. მოგვიანებით, კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა დეპუტატებმა ვეტო დაძლიეს და კანონი ძალაში 30 მარტს შევიდა.