ლევან იზორია თავდაცვის რეფორმის და ნატოს შესახებ საუბრობს

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 11 აპრილს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე წარდგა და საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

იზორიამ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს წინ უძღოდა 2014 წლიდან ევრო-ატლანტიკული თანამეგობრობის თავდაცვის პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებები. მისი თქმით, ეს ცვლილებები ასახავს იმის გაცნობიერებას, რომ რუსეთი მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, ასევე აცნობებს საქართველოს, რომ მიუხედავად აღჭურვილობისა და წვრთნისა, შეიარაღებული ძალების რაოდენობაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ ცვლილებების ბოლო მაგალითებს შორის იზორიამ შვედეთსა და ლიტვაში სავალდებულო გაწვევის სისტემის აღდგენა დაასახელა.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო მისიებში ვიყოთ ძლიერები… არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებშიც გვქონდეს სამხედრო მზადყოფნის ისეთი მაღალი დონე, რომ პოტენციური აგრესიის შემთხვევაში გავცეთ ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა უთხრა დეპუტატებს, რომ სწორედ ეს წუხილები იყო საქართველოს მიერ სავალდებულო გაწვევის სისტემის აღდგენის და ასევე ახალი სარეზერვო სისტემის, როგორც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ძირითადი კომპონენტის, შემოღების მიზეზი.  

რეფორმების კიდევ ერთი ასპექტი, რომელზეც ასევე ისაუბრა იზორიამ, თავდაცვის ბიუჯეტს ეხებოდა. მისი თქმით, საქართველოს სამხედრო ბიუჯეტის 70% ხელფასებზე და სოციალურ ბენეფიტებზე დაიხარჯა – ეს თანხა ბევრად აღემატება ნატოს სტანდარტს, რომელიც მაქსიმუმ 55%-ს შეადგენს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს შეიცვლება და ბიუჯეტის დიდი ნაწილი აღჭურვილობას და საბრძოლო მზადყოფნას მოხმარდება.

„თუ ქვეყანა არ იქნა დაცული, თუ მისი სუვერენიტეტი არ იქნა უზრუნველყოფილი, განვითარების შანსი არ გვაქვს… ამიტომ სწორედ ეს ნაბიჯები [თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება] უნდა გახდეს გრძელვადიან პერსპექტივაში ქოლგა დაცვისა იმ საფრთხეების წინაშე, რა საფრთხეების წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ევროპა და ცივილიზებული სამყარო, საფრთხე რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს, და რომელსაც ადეკვატური პასუხები უნდა გავცეთ ჩვენი მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით“, – განაცხადა იზორიამ.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მეშვეობით გეგმავს, უცხოური სამხედრო დაფინანსების ფონდების (FMF) მხარდაჭერით.

პროგრამა ითვალისწინებს საქართველოში საბრძოლო მომზადების ცენტრის ჩამოყალიბებას, რომელიც გერმანიაში არსებული ერთობლივი მრავალეროვნული მომზადების ცენტრის ანალოგიური იქნება.  იზორიამ განაცხადა, რომ ცენტრი, სავარაუდოდ, ვაზიანში განთავსდება. ქართული მხარე 10 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

პროგრამის კიდევ ერთი ნაწილია, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი სამხედრო მომზადება ნატოს სტანდარტების შესაბამისად. იზორიას თქმით, ცხრა ქართული ქვეითი ბატალიონი პროგრამის ფარგლებში მომზადებას 2018 წლის 1 მარტიდან დაიწყებს.

იზორიამ ასევე აცნობა დეპუტატებს, რომ საქართველომ ნატოს ორი სამხედრო ოფიცრის გაგზავნა შესთავაზა რუმინეთში ნატოს მრავალეროვნული ბრიგადის შტაბ-ბინაში სამსახურისთვის.