რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ 12 აპრილს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის, სივრცითი მოწყობის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.
პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები დაესწრნენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2017-2020 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 2 500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელდება იგეგმება.
ახალი გეგმის მიხედვით, დაგეგმილია 1000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ნახევარ მილიონამდე ადამიანი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, აშენდება შვიდი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 120- ზე მეტ საზოგადოებრივ-კულტურული დანიშნულების ობიექტს. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტების რეალიზაცია 40 ათასს სამუშაო ადგილს შექმნის.
„განხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტები გზების, წყალმომარაგების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიური, გარემოს დაცვის და სხვა მიმართულებით. განსაზღვრულია ის მიდგომები, რომლითაც ქვეყნის ყველა მოქალაქე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეძლებს მიიღოს განათლება, დასაქმდეს და თავად დაასაქმოს. სრული დატვირთვით ამუშავებული და განვითარებული ინფრასტრუქტურა მისცემს მოსახლეობას არსებული შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას“ – ამის შესახებ, სამინისტროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრეზენტაციაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და ყველა დონორ ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის.
„დღეს ჩვენ ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ წარმატების სრულიად ახალი ისტორია, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს ექნება ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისთვის. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის განვითარების ხედვა, ის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ შეიმუშავა, გარდამტეხ როლს შეასრულებს საქართველოს სწრაფ განვითარებაში, სწრაფ წინსვლაში და სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მათი ჯამური ღირებულება 9 მილიარდ ლარზე მეტია. მხოლოდ 2017 წელს 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი დაიხარჯება.