სეპარატისტული აფხაზეთის ახალარჩეულმა პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ, რომელიც 12 აპრილს ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე გახსნითი სიტყვით გამოვიდა, იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო ეფექტურად ითანამშრომლებს აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებთან. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების ყველა შტომ შეთანხმებულად იმუშაოს – სწორედ ეს არის სახელმწიფოს ეფექტურობის და იმ პოზიტიური ცვლილებების წარმატების საფუძველი, რომლისკენაც ჩვენი მოქალაქეები ისწრაფვიან“, – მიმართა ხაჯიმბამ დეპუტატებს.

აფხაზეთის ლიდერი ახალარჩეული პარლამენტის დღის წესრიგსაც შეეხო და განაცხადა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა უნდა გაუმჯობესდეს და განხორციელდეს ეკონომიკური და სოციალური რეფორმები.

პირველ სხდომაზე, დეპუტატებმა ახალარჩეული პარლამენტის თავმჯდომარე და სამი ვიცე-სპიკერი აირჩიეს. პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა – ვალერი კვარჭია და ბატალ ტაბაღუა. საბოლოოდ, კენჭისყრაში კვარჭიამ გაიმარჯვა 20 ხმით ტაბაღუას 10 ხმის წინააღმდეგ. სამი ვიცე-სპიკერის თანამდებობები საიდ ხარაზიამ, ლევონ გალუსტიანმა და მიხაილ სანგულიამ დაიკავეს.

ვალერი კვარჭია აფხაზეთის მოქმედი ლიდერის მხარდამჭერად მოიაზრება. საბჭოთა პერიოდში იგი მეცნიერი იყო, ხოლო პოლიტიკური მოღვაწეობა 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. 2007 წლიდან იგი რეგიონის პარლამენტში მოღვაწეობდა.

სამივე ახალი ვიცე-სპიკერი სეპარატისტული რეგიონის წინა მოწვევის პარლამენტის წევრები იყვნენ 2012-2017 წლებში.

სეპარატისტული აფხაზეთის ამომრჩევლებმა 35-წევრიანი პარლამენტის ასარჩევად 12 მარტს და 26 მარტს გამართული არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. აფხაზი დეპუტატები ხუთი წლის ვადით ირჩევიან მაჟორიტარული სისტემით.

სეპარატისტული აფხაზეთის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს თბილისი და საერთაშორისო თანამეგრობობა, გარდა რუსეთისა და კიდევ სამი ქვეყნისა (ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ), რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)