კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა

საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე გასული წლის ოქტომბრის თვეში ერთ-ერთი პიროვნების, გიგა შენგელიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შეწყვიტა.

2016 წლის 24 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 23 ოქტომბერს წვრთნებისა და სამხედრო განათლების ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე სამი პირის „უკანონოდ შეჭრისას“ მათი მიმართულებით გუშაგის გასროლას ერთი მათგანი გიგა შენგელია ემსხვერპლა. მომხდარზე დაიწყო გამოძიება.

პროკურატურის მიერ 13 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური ექსპერტიზა და სხვა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები.

„ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ გუშაგი მოქმედებდა „შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ივნისის N310 ბრძანების მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.