ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი 18 აპრილს თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქვეყნის პირველი ოფიციალური პირი იყო, რომელიც თავის ირანელ კოლეგას შეხვდა. ჯავად ზარიფმა და ჯანელიძემ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე 22-23 აპრილს თეირანში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი განიხილეს.
ჯანელიძემ აღნიშნა პრესკონფერენციაზე, რომ მოლაპარაკებების განხილვის მთავარი თემა საქართველოს მზარდი ორმხრივი სავაჭრო და სატრანზიტო პოტენციალი იყო.
„დღეს საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით მონიჭებული განსაკუთრებული შესაძლებლობებით, წარმოადგენს ერთგვარ კარიბჭეს აზიური ქვეყნებისთვის ევროპაში და პირიქით. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს ქვეყნის ამ ფუნქციის განვითარებას“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
„მიმაჩნია, რომ ფართო შესაძლებლობები არსებობს, როგორიცაა სპარსეთის ყურესა და შავ ზღვარს შორის დერეფნის შესაძლებლობა, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნებს, არამედ მთელ მსოფლიოს დააახლოვებს“, – განაცხადა მოჰამედ ჯავად ზარიფმა.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანი-საქართველოს ბიზნეს ფორუმის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი, რომელიც მოჰამედ ჯავად ზარიფის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„ეს ფორუმი კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა ირანელი ბიზნესმენებისთვის, გაეცნონ საქართველოს შესაძლებლობებს, ქართველი ბიზნესმენებს კი საშუალება მიეცემათ დაამყარონ პირდაპირო კონტაქტები ირანელ პარტნიორებთან და განავითარონ შემდგომი საქმიანი კავშირები“, -აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მან მადლობა გადაუხადა თავის კოლეგას ირანის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ვიზიტის ფარგლებში მოჰამედ ჯავად ზარიფი ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი გახარიას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)