ლავროვი: ‘სოხუმის უსაფრთხოება გარანტირებულია მისი რუსეთთან ურთიერთობებით’

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სეპარატისტულ აფხაზეთში ვიზიტის მეორე დღეს რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრამდე გაკეთებულ განცხადებაში სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის თემები, რომლებიც დასამუშავებელი დაგვჩა – ესაა საზღვარი და ქონებრივი ურთიერთობები“.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვი მიესალმა სოხუმის ხელმძღვანელობასთან არსებულ ურთიერთობებს და განაცხადა, რომ მან და ხაჯიმბამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მიმართ ყველა სფეროში, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობებს მიექცევა“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შესახებ საუბრისას, ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი „იმედოვნებს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შესასრულებლად სავალდებულო შეთანხმებას ახლო მომავალში მოეწერება ხელი“.

„ეს ზოგადად კავკასიის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება, ჩვენ წარსული გამოცდილებების გათვალისწინებით“, – განაცხადა მან.

"კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან" სოხუმის პოტენციური თანამშრომლობის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი „რა თქმა უნდა, მიესალმება ამ თანამშრომლობას“, მაგრამ დასძინა, რომ ამას ორგანიზაციის ყველა წევრის მხარდაჭერა დასჭირდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თავად რუსეთმა უზრუნველყო აფხაზეთის უსაფრთხოება „ყველაზე სანდო გზით“.

„აფხაზეთის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და გარანტირებულია მისი ურთიერთობებით რუსეთის ფედერაციასთან როგორც ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ასევე კონკრეტული ღონისძიებებით, რომელსაც რუსეთი ახორციელებს აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეყანა არასდროს აღარ გახდეს გარე აგრესიის სამიზნე“, – განაცხადა მან.

ლავროვმა ასევე ისაუბრა რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს გავლით სატრანზიტო კავშირის აღდგენაზე და აღნიშნა, რომ მან ეს საკითხი ხაჯიმბასთან განიხილა.

ლავროვის თქმით, „რუსეთს ტრანზიტის განახლებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს“. „სამართლებრივი ბაზა არსებობს; ის შესაძლოა დაეფუძნოს რუსეთის ფედერაციის მიერ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში 2011 წელს [რუსეთის გაწევრიანებისას] მიღწეულ შეთანხმებებს“.

მან ასევე განაცხადა, რომ სომხეთი დაინტერესებულია ტრანზიტის განახლებაში და რომ ამის წინააღმდეგ არც აფხაზეთის ლიდერი წასულა. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ საკითხი დამოკიდებულია „სხვა ქვეყნებზე, სადაც ეს ტრანზიტი ხორციელდება“.   

ტრანზიტის საკითხზე კომენტარი ხაჯიმბამაც გააკეთა. მისი თქმით, „აფხაზური მხარე მზადაა“ ამისთვის, თუ საქართველოც თანახმა იქნება.

ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა სეპარატისტული რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელს ბესლან ბარციცს და საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს.