პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს აკრიტიკებს
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელსაც მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე მმართველ პარტიასთან უთანხმოება აქვს, მწვავედ გააკრიტიკა კონსტიტუციის პროექტის ტექსტი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ შეადგინა და რომელიც ქართულმა მედიამ 20 აპრილს გაასაჯაროვა.
ბათუმში კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „სამწუხაროა“, რომ მმართველმა პარტიამ უგულებელყო „ხალხის ნათლად გამოხატული ნება, რომ აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი“ და დასძინა, რომ „ახალი ვერსიით არა საზოგადოება, არა ჩვენ, არა მოქალაქეები ავირჩევთ პრეზიდენტს, არამედ გარკვეული სხვა წესით ე.წ. სამასი ხმოსანი“.
„ახალ პრეზიდენტს ფაქტობრივად აღარ გააჩნია რეალურად ის მცირედი უფლებებიც კი, რაც 2013 წლიდან პრეზიდენტს ჰქონდა“, – განაგრძო მარგველაშვილმა. „და ყველაზე საშიში მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს როგორც სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლს, ასევე ეფექტიან თავდაცვით საქმიანობას და თავდაცვისუნარიანობის აღმშენებლობას“.
მისი თქმით, კონსტიტუციის პროექტში „გამქრალია“ ეროვნული უშიშროების საბჭო და „რეალურად, პრეზიდენტი, რომელსაც ფორმალურად ევალება, რომ ომის შემთხვევაში იყოს მთავარსარდალი, ყოველგვარი კომპეტენციის გარეშე ხდება მთავარსარდალი და მის მოქმედებას ფაქტობრივად აღარ ექნება ეფექტიანობა“.
მარგველაშვილი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ახალი კონსტიტუციით, საკანონმდებლო ორგანო პროპორციული სისტემით აირჩევა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ახალი ჩანაწერი გაურკვეველი ლოგიკისაა, როცა არჩევნებში გამარჯვებული პარტია გაუნაწილებელ მანდატებს მთლიანად ითვისებს.
„ეს საკითხი დემოკრატიის ლოგიკასთან საერთოდ არანაირ შეხებაში არ მოდის – ჩვენ საზოგადოებას უნდა აგვიხსნან პატივცემულმა კომისიის წევრებმა, რა ლოგიკით დაწერეს, რომ გამარჯვებული – პირველ ადგილზე გასული პარტია, მთელ გაუნაწილებელ მანდატებს იღებს თავისთვის“, – განაცხადა მან.
„ამ ვითარებაში, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა დატოვეს საკონსტიტუციო კომისია, როდესაც, ფაქტობრივად ქრება საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობები, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს, რა თქმა უნდა, უფრო პროგრესული და პროპორციული ფორმით, მაგრამ ამავდროულად გაურკვეველი საარჩევნო სისტემით ავირჩევთ, ვითარებაში, როდესაც თვითმმართველობის და ტერიტორიული მოწყობის შესახებ რეალური და პრინციპული არაფერია ნათქვამი, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა მივაწოდოთ ჩვენი აზრები და იდეები კომისიას“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.