ევროპის საბჭომ ანგარიში ‘კონფლიქტი საქართველოში’ გამოაქვეყნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების 1284-ე შეხვედრაზე საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ წარადგინა, რომელიც 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტამდე პერიოდს მოიცავს და წინა კონსოლიდირებულ და ასევე საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ სამდივნოს ანგარიშებს ეყრდნობა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეებმა ამ თემაზე დებატები 19 აპრილს გამართეს და მასში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანიც მონაწილეობდა.

ევროპის საბჭოს სამდივნომ შეშფოთება გამოხატა „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან წვდომის ნაკლებობის გამო“, რაც მათ „არ აძლევს საშუალებას, რომ ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება შეაფასონ“. შედეგად, დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებასთან, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან, ასევე ინფორმაციის ღია წყაროებთან საუბრებზეა დაფუძნებული.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება „შეფასებულია, როგორც შედარებით სტაბილური და მშვიდი“, თუმცა თავისუფალ გადაადგილებაზე სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე განხორციელებული დაკავებები „კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა საანგარიშო პერიოდში, ასევე ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებვაზე მათი უარყოფითი გავლენის გამო“. 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, 2016 წელს ოკუპირებულ აფხაზეთთან ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლზე დაკავების 190 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „თავისუფალ გადაადგილებაზე ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი, რასაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე 48 კილომეტრი სიგრძის ღობის, ხოლო სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე 52 კილომეტრი სიგრძის ღობის აღმართვა მოჰყვა. შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს აღარ აქვთ წვდომა თავიანთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე და საძოვრებზე, კერძოდ, მოსავლის აღების პერიოდში“.

ანგარიში ასევე მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონში შესაძლო ცვლილებებს. მასში ასევე საუბარია საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების პროექტის შესახებ, რომლის თანახმადაც „ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლის პროცედურების პირველადი დარღვევის დეკრიმინალიზაცია ხდება და ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად იქნება განხილული“. თუმცა, პარლამენტს ცვლილებები მეორე მოსმენით ჯერ არ მიუღია.

სამდივნომ ასევე შეშფოთება გამოხატა „პროგრესის ნაკლებობის გამო იმ გამოძიების ფარგლებში, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება ატარებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მახლობლად 2016 წლის მაისში ეთნიკური ქართველის მკვლელობის საქმეზე, რაც პრობლემას უქმნის უსაფრთხოების დაცვისა და ნდობის ჩამოყალიბებისკენ მიმართულ ერთობლივ ძალისხმევას“. 

მკვლელობაში ეჭვმიტანილს ქართულმა სასამართლომ შარშან დეკემბერში დაუსწრებლად 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 10 მარტს, სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის ვადა 14 წლამდე გაზარდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ანგარიშშია საუბარი, გალის რაიონის სკოლებში ქართულენოვანი განათლების მიღებაა. „ქვემო გალის თერთმეტივე სკოლის პირველიდან მეხუთე კლასამდე სწავლების ენად ქართული რუსულმა ჩაანაცვლა; შემდეგ იგივე მოხდა ზემო გალშიც, სადაც 2008 წლიდან ყველა სკოლა რუსულენოვან სასწავლო პროგრამაზე გადავიდა. ამ კლასებში, ქართული ენის როგორც უცხო ენის სწავლება კვირაში ორ გაკვეთილამდე შემცირდა, რასაც ემატება ქართული ლიტერატურის გაკვეთილი კვირაში ერთხელ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ხელისუფლების ნება, რომ კვლავაც დაუჭიროს მხარი იმ ქმედებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას და პირდაპირი კონტაქტების დამყარებას გაყოფილ საზოგადოებებს შორის, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამეკავშირეო მექანიზმის მეშვეობით, რომელიც სხვადასხვა ტიპის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას უწყობს ხელს.

ანგარიშში ასევე შეეხო რუსეთ-საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართულ პროცესს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის არაფორმალური დიალოგის გზით ხორციელდება. 

„7 თებერვალს პრაღაში აბაშიძე-კარასინის კონსულტაციების მომდევნო რაუნდი გაიმართა. ნორმალიზების პოლიტიკის დადებითი გავლენა აღინიშნა ეკონომიკის, ვაჭრობის, ბიზნესის გაცვლისა და ტურიზმის სფეროებში“.

მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ არ მოიწონა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში და ამგვარი ანგარიშების ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის „მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-15 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ევროკავშირის, სუამ-ის და სხვა პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს“.