პროფკავშირები და სოციალისტური ჯგუფები გადასახადის განაკვეთის ზრდაზე შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებენ

25-მა ორგანიზაციამ, მათ შორის პროფკავშირებმა, ახალგაზრდულმა გაერთიანებებმა, აკადემიურმა პლატფორმებმა და პოლიტიკურმა პარტიამ 22 აპრილს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სახელზე მიმართვა გაავრცელა, სადაც კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გაზრდა (გარდა აქციზისა) და ახალი გადასახადის შემოღება მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი.

სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის, რომელსაც ექვსწევრიანი ფრაქცია აქვს ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე არის მიმართვის ხელმომწერთა შორის.

ორგანიზაციები 94-ე მუხლს „დაუშვებლად“ მიიჩნევენ და მოუწოდებენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, რომ „გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა და უარი უთხრან ანტისახალხო მუხლის კონსტიტუციაში დატოვებას“.

„მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის კონსტიტუცია არ შეიცავს გადასახადის ზრდის შეზღუდვის შესახებ ჩანაწერს“, – ნათქვამია მიმართვაში. „საყოველთაოდ გაზიარებულია მოსაზრება, რომ დემოკრატიული კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოებრივი ერთობის ფუნდამენტური დოკუმენტი, არ უნდა განსაზღვრავდეს კონკრეტულ ეკონომიკურ პოლიტიკას – ეკონომიკურ და საგადასახადო საკითხებზე დისკუსია მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია“.

„ამასთან, გადასახადების ზრდის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ზღუდავს წარმომადგენლობითი პოლიტიკური ორგანოების შესაძლებლობას, ეკონომიკური განვითარების სრულყოფილი გეგმა გააჩნდეთ და იზრუნონ რესურსების ქმედით და სამართლიან გადანაწილებაზე“, – ნათქვამია მიმართვაში.

საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისია 73 წევრისგან შედგება, რომელთა შორის არიან ექსპერტები და შვიდი პოლიტიკური პარტიის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა და მას 2017 წლის 30 აპრილამდე კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მომზადება ჰქონდა დავალებული. კომისიის ბოლო სხდომა 22 აპრილს გაიმართა.