თბილისი იერუსალიმის პატრიარქის მიერ აფხაზეთზე გაკეთებული განცხადების გამო შეშფოთებულია
საქართველოს ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძე 24 აპრილს იერუსალიმის ბერძენ მართლმადიდებელ პატრიარქ თეოფილოს III-ს შეხვდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
შეხვედრის დროს, საქართველოს ელჩმა 10 აპრილს იერუსალიმის პატრიარქის აფხაზ მომლოცველებთან შეხვედრის საკითხი დააყენა, კერძოდ, აფხაზური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას შეეხო, რომლის თანახმადაც თეოფილოს III თითქოსდა დაპირდა მომლოცველებს, რომ იგი „ილოცებს აფხაზეთისთვის, მისი მოსახლეობისა და ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატრიარქმა უპასუხა საქართველოს ელჩს ისრაელში, რომ მისთვის „ყოვლად მიუღებელია ამგვარი შეხვედრისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა“, არამედ ის შეხვდა მათ, როგორც ქრისტიანებს, რომლებიც მოსალოცად ჩამოვიდნენ ისრაელში წმინდა მიწაზე.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თეოფილოს III-მ აფხაზეთის დელეგაცია მიიღო. პირველი შეხვედრა გასული წლის 28 აპრილს გაიმართა და მასში აფხაზმა დეპუტატმა საიდ ხარაზიამ მიიღო მონაწილეობა. ამჟამად, ეს უკანასკნელი სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა.
წარმოშობით ბერძენი თეოფილოს III იერუსალიმის პატრიარქად 2005 წლის ნოემბერში აკურთხეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)