სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მთავრობა გადადგა

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მთავრობა 24 აპრილს გადადგა, რასაც ორი კვირით ადრე, წინ უძღოდა რეგიონში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვის, ადგილობრივი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, გამარჯვება.

ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც მთავრობის სხდომას დაესწრო, მთავრობის გადადგომის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა ორ კვირაში დაკომპლექტდება.

მანამდე კი, ბიბილოვის თქმით, მინისტრები საკუთარი მოვალეობების შესრულებას განაგრძობენ.

სეპარატისტული რეგიონის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი აღმასრულებელ შტოს ხელმძღვანელობს, საგარეო და საშინაო პოლიტიკას უძღვება, მთავრობის წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობებიდან.

სეპარატისტული რეგიონის მთავრობა 12 მინისტრისგან შედგება და მას მთავრობის თავმჯდომარე და მისი სამი მოადგილე ხელმძღვანელობს.