Freedom House: საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუარესდა
პრესის თავისუფლება 2017, კვლევა, Freedom House.
Freedom House-ის პრესის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ კვლევაში საქართველოს რეიტინგი ზედიზედ მესამე წელია ეცემა, თუმცა ქვეყანა კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალის“ კატეგორიაში რჩება.
28 აპრილს გამოქვეყნებულ კვლევაში „პრესის თავისუფლება 2017“, რომელიც 2016 წლის მონაცემებს ეყრდნობა და 199 ქვეყანას ფარავს, საქართველოს 102–ე ადგილი უკავია 50 ქულით.
ანალოგიურ კვლევებში, რომლებიც 2015 და 2014 წლების მონაცემების ეყრდნობოდა, საქართველოს 96-ე (49 ქულა) და 93-ე (48 ქულა) ადგილები ეკავა, შესაბამისად.
კვლევა თითოეულ ქვეყანას ანიჭებს ქულას 0-დან 100-მდე შკალაზე. ქვეყნები, რომლებსაც ენიჭებათ 0-დან 30-მდე ქულა, ხვდებიან ”თავისუფალი” მედიის მქონე ქვეყნების კატეგორიაში; 31-დან 60-მდე – ”ნაწილობრივ თავისუფალში”; 61-დან 100-მდე – ”არათავისუფალში”.
ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, 12 ყოფილი საბჭოთა ქვეყნიდან სამი – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა – „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში მოექცა; დანარჩენები კი – „არათავისუფალის“ კატეგორიაში.
2016 წელს შეფასებული ქვეყნებიდან და ტერიტორიებიდან, 61 (31%) შეფასდა როგორც „თავისუფალი“; 72 (36%) – „ნაწილობრივ თავისუფალი“, ხოლო 66 (33%) – „არათავისუფალი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)