ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%-მდე გაზარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 მაისს რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 7%-მდე გაზარდა და ამის მიზეზად „ინფლაციის მოლოდინების დამატებითი მოთოკვა“ დაასახელა.
ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ „გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს“, რომლის მიხედვითაც, „მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების ზეგავლენით, 2017 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება“. ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ „ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შედეგად, 2018 წელს ინფლაცია 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება“.
„სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საჭიროება არ იკვეთება. ასევე, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
„მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები კვლავ სუსტია, თუმცა, ეკონომიკური აქტივობა გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5,0 პროცენტი შეადგინა. საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ, გაუმჯობესდა საგარეო მოთხოვნა და შედეგად, ექსპორტიდან, მათ შორის ტურიზმიდან, მიღებული შემოსავლები სწრაფად იზრდება. ასევე, წინა წელთან შედარებით, მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად, 2015 წლის დასაწყისში არსებული 4%–დან წლის ბოლოსთვის 8%–მდე გაიზარდა.
2016 წლის პირველი სამი თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი 8%–ზე უცვლელი რჩებოდა, ხოლო აპრილიდან მისი ეტაპობრივი შემცირება დაიწყო და სექტემბრიდან 2017 წლის იანვრამდე 6,5%-ზე უცვლელად რჩებოდა.
25 იანვარს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6,75%-მდე გაზარდა და მომდევნო ორი კვარტლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივი ზრდა დააანონსა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 14 ივნისს გაიმართება.