ოპოზიციური პარტიები იწყებენ კამპანიას „დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია“

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ კამპანია „დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია“ დაიწყო და სპეციალური დეკლარაცია შეიმუშავა, რომელსაც ხელს 30-მდე პარტია აწერს.

პარალელურად „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო“, რომელიც აღნიშნული დეკლარაციის ხელმომწერია, ქვეყანაში პლებისციტის ჩატარების მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და საქართველოს პრეზიდენტს და პარტიებს კამპანიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია კონსტიტუციაში იმ დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ გამოდის, რომელთა თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი და საყოველთაო არჩევის წესი იცვლება; ასევე მცირდება პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილები.

გარდა ამისა, ოპოზიცია აპროტესტებს საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლების გაუქმებას, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დატოვებას, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ ერთი, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის გადაცემას, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის წესის ცვლილებას და ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის გაუქმებას.

როგორც 1 მაისს ხელმოწერილ დეკლარაციაშია ნათქვამი, ხელისუფლებაში მყოფი პარტია მარტო დარჩა კონსტიტუციურ ცვლილებათა პროცესში და პროექტში „მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებია ასახული“.

„ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ერთპარტიული პროექტი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსესუსის არარსებობა, მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესის არალეგიტიმურობა უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკურ სისტემას, მის დამფუძნებელ კონსტიტუციასა და ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

„ვიწყებთ სამოქალაქო მოძრაობას საქართველოს კონსტიტუციის დასაცავად, რათა საერთო-სახალხო ძალისხმევით წინ აღვუდგეთ მიმდინარე ანტიკონსტიტუციურ პროცესებს“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მოუწოდებენ ხელისუფლებას, „შეწყვიტოს ძალაუფლების განვრცობა და კონსტიტუციის მორგება საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე“, ხოლო საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული საფუძვლების დაცვაში თანადგომას სთხოვენ.

პრეზიდენტის არჩევის წესთან და საარჩევნო სისტემის მოდელთან დაკავშირებით „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით კარდაკარ კამპანიას იწყებს პლებისციტის დასანიშნად შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების მიზნით.

პლებისციტის დანიშვნის მოთხოვნით მოძრაობამ ერთხელ უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრს, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება ამ საკითხის გადაწყვეტა კანონის მიხედვით, თუმცა მას შემდეგ, რაც მოთხოვნას მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია, „ევროპულმა საქართველომ“ ხელმოწერების შეგროვების კამპანიის დაწყება დაანონსა.

„ხვალიდან ევროპული საქართველო იწყებს კამპანიას კარდაკარ, ჩვენ მივალთ თითოეულ ოჯახში და მოვაგროვებთ ხელმოწერებს პლებისციტის დასანიშნად“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ 1 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დავით ბაქრაძემ აპრილის ბოლოს, პრემიერისთვის პლებისციტის დანიშვნის მოთხოვნით მიმართვის დროს ასევე განმარტა, თუ რატომ არ ითხოვენ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას და აღნიშნა, რომ კანონის მიხედვით რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ინიშნება, რაც „ოკუპაციის პირობებში“ არ განიხილება.

კანონმდებლობის მიხედვით, რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და შედეგებს აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე, ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები.

კანონის მიხედვით, ასევე კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვაა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად პლებისციტი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პლებისციტის შედეგები სარეკომენდაციო ხასიათისაა.

This post is also available in: English (ინგლისური)