პუტინი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ახალ ლიდერს სოჭში შეხვდა


ანატოლი ბიბილოვის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სოჭში, 2 მაისი, ფოტო: the Kremlin.

სამხრეთ ოსეთის ახალი ლიდერი ანატოლი ბიბილოვი 2 მაისს, სეპარატისტულ რეგიონში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებიდან სამ კვირაში, სოჭში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

„ვიცი, რომ თქვენ რუსეთთან სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების განვითარების მხურვალე მხარდამჭერი ხართ“, – მიმართა პუტინმა ბიბილოვს შეხვედრამდე.

„ამჟამად ჩვენ ვახორციელებთ ხელშეკრულებას [მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ], რომელსაც თქვენ თავის დროზე აქტიურად უჭერდით მხარს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ხელშეკრულების განხორციელებისას რესპუბლიკა თქვენი ხელმძღვანელობით ყველაფერს გააკეთებს რაზეც შევთანხმდით“.

„ჩვენ დიდი პროგრამები გვაქვს თანამშრომლობის კუთხით, ვიცით მათი მიმართულებების შესახებ: ესაა უსაფრთხოების საკითხები, ეკონომიკური განვითარება და ურთიერთქმედება, სოციალური სფეროები. რუსეთის თანადაფინანსებით ხორციელდება სოციალური საკითხები და ამის გაკეთებას მომავალშიც ვგეგმავთ“, – განაცხადა მან.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი საინვესტიციო მიმართულებასაც განავითარებს, რაც, მისი თქმით, გულისხმობს „ინფრასტრუქტურის განვითარებას და ეკონომიკის ზრდისთვის პირობების შექმნას“.

ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა პუტინს მისი როგორც პირადი, ასევე რუსეთის მიერ რეგიონის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სეპარატისტულ რეგიონში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები „დაძაბული და კონკურენტუნარიანი“ იყო.

„თუმცა, როგორი შეხედულებებიც არ უნდა იყოს შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარების მიმართ, ნებისმიერ შემთხვევაში, კურსი უცვლელი რჩება, ასევე უცვლელია რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაცია, თანამშრომლობა და ხალხი ამას მთლიანად ემხრობა“.

„ვფიქრობ, რომ რიგი საკითხები, რომლებიც ჩვენ შეხვედრაზე უნდა განვიხილოთ, უდავოდ განხორციელდება და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება“, – მიმართა ბიბილოვმა პუტინს. „და რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას შორის დიდი ინტეგრაციის, დიდი თანამშრომლობის და მოკავშირეობის საკითხები ახალ იმპულსს შეიძენენ ამ პროცესებში“.

შეხვედრის შემდეგ საუბრისას, როგორც ამის თაობაზე ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაცია იტყობინება, სამხრეთ ოსეთის ახალმა ლიდერმა აღნიშნა, რომ „მოკავშირეობა [ცხინვალსა და მოსკოვს შორის] და რუსეთთან ინტეგრაციის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად“.

ბიბილოვმა ასევე პირობა დადო, რომ ცხინვალი „ზედმიწევნით შეასრულებს რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებებს“.

სამხრეთ ოსეთის ახალმა ლიდერმა პუტინთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მხარეებმა რეგიონის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების გზებზე ისაუბრეს და რუსულ ნავთობკომპანია „როსნეფტთან“ ერთობლივი საწარმოს შექმნის შესაძლებლობა განიხილეს.

ბიბილოვის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ასევე წამოაყენა საბჭოთა დროინდელი ანაბრების შესაძლო დაბრუნების და სამხრეთ ოსეთში წარმოებულ და რუსეთის ფედერაციაში გასატან საქონელზე დღგ-ს მოხსნის საკითხები.

იგი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ შემუშავდეს საკითხი სამხრეთ ოსეთში დედობის კაპიტალზე (სოციალური ბენეფიტები ბავშვებზე ზრუნვისთვის) რუსეთის მოქალაქეების უფლებების რეალიზაციის შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური)