აშშ-ის ბიუჯეტის პროექტი კრძალავს იმ ქვეყნების დახმარებას, რომლებმაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 2017 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის პროექტი კრძალავს ქვეყნის მიერ იმ სახელმწიფოების დახმარებას, რომლებმაც სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს.ყოველწლიური აქტი ასიგნებების შესახებ კანონმდებლობას წარმოადგენს, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა ფედერალური ორგანოების მიერ გასაწევ ხარჯებს განსაზღვრავს.დოკუმენტის თანახმად, „აქტის მიერ გამოყოფილი თანხები არ უნდა მოხმარდეს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობის დახმარებას, რომელმაც, როგორც სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს და აცნობებს ასიგნებების კომიტეტს, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა მათთან“.დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს, რომ აქტის მიერ გამოყოფილი თანხები არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის ხაზინის მდივანმა უნდა დაავალოს აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აღმასრულებელ დირექტორებს, რომ მხარი არ დაუჭირონ ამ ინსტიტუტების მიერ დახმარების გამოყოფას იმ პროგრამებისთვის (მათ შორის სესხების, კრედიტების ან გარანტიების), რომლებიც არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.ასიგნებების აქტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო მდივნის მიერ ანგარიშის წარდგენას კონგრესის კომიტეტებისთვის აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღის ვადაში, რომელიც შეეხება რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შემდგომი გაძლიერებისკენ მიმართულ ქმედებებს, ამგვარი ოკუპაციის სავარაუდო წლიური ხარჯების ჩათვლით.აქტში ბევრი მინიშნებაა გაკეთებული რუსეთზე, ძირითადად, მოსკოვის აგრესიულ საგარეო პოლიტიკასთან დაპირისპირების საჭიროებაზე. სხვა ზომებთან ერთად, დოკუმენტი განსაზღვრავს, რომ „არანაკლებ 100 000 000 აშშ დოლარი უნდა გამოიყოს დახმარების სახით ევროპის და ევრაზიის ქვეყნებში რუსეთის გავლენასა და აგრესიასთან დასაპირისპირებლად“. ეს ფული „დაემატება იმ თანხებს, რომლებიც ამ ქვეყნებისთვის ორმხრივი დახმარების ფარგლებშია ხელმისაწვდომი“.დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ პარტიონობის ქვეყნების დასახმარებლად გამოყოფილი თანხები ევროკავშირთან ამ ქვეყნების ასოცირების შეთანხმებების და სავაჭრო ხელშეკრულებების განხორციელებას უნდა დაეხმაროს, ასევე ხელი შეუწყოს „რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის მიმართ მათი მოწყვლადობის შემცირებას“.